Thursday, July 16, 2009

”აუდი A5 სპორტბეკი” - უკვე ოფიციალური ინფორმაცია

Audi A5 Sportback

16 ივლისი


მალე ”აუდის” სამოდელო გამას კიდევ ერთი ახალი ავტომობილი - ხუთკარიანი კუპე (ჰეჩბეკი) ”A5 სპორტბეკი” შეავსებს. ამგვარად, კომპანიის მიერ დასახული გეგმის (რომელიც წლიური გაყიდვების 1.5 მილიონამდე გაზრდას ითვალისწინებს) შესასრულებლად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება.

მწარმოებელი გვამცნობს, რომ ”A5 სპორტბეკი” არის ხუთკარიანი, დაგრძელებული პროფილის მქონე ავტომობილი, რომელიც კუპეს სტილშია შესრულებული და რომელიც, მგზავრებს პრაქტიკულობითა და კომფორტით შეეგებება. კუპეს შეხედულებას ავტომობილს მისი სახურავი აძლევს, რომელიც უკან ძლიერაა დაქანებული და უკანა, საბარგულის კართან ერთად ბოლოვდება. ამასთან, ”A5 სპორტბეკის” სახურავი სედან A4-საზე 36 მილიმეტრით დაბალია. გარდა ამისა, ავტომობილს გრძელი ბაზა აქვს, რომლის სიგრძეც 2.810 მეტრს აღწევს.

სალონში ოთხი სრულფასოვანი ადგილია. საბარგულის მოცულობა 480 ლიტრია, რაც ოდნავ მცირეა A4-ის საბარგულის მოცულობაზე. სამაგიეროდ, თუ უკანა სავარძლებს დავკეცავთ, საბარგულის მოცულობა 980 ლიტრამდე გაიზრდება.

”A5 სპორტბეკისთვის” სულ ხუთი ძრავია განკუთვნილი, რომელთაგან ორი საწვავად ბენზინს იყენებს, სამი კი - დიზელს. ყველა აგრეგატი ასევე A4 და A5 მოდელებსა და მათს დერივატივებზეც გამოიყენება. ბენზინის ძრავებია 2.0-ლიტრიანი TFSI და 3.2-ლიტრიანი V6. პირვლის სიმძლავრე 211 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 265 ცხ.ძ. ორივე აგრეგატი ”აუდის” უახლესი სისტემა ”ვალვლიფტითაა” (სისტემა ავტომატურად არეგულირებს საწვავის შეშვებისა და ნამწვი აირის გამოშვების ფაზებს) აღჭურვილი, რომლის წყალობითაც, მათი კუთრი სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი გაზრდილია, საწვავის მოხმარება კი - შემცირებული. ორივე ძრავით აღჭურვილი ავტომობილები სრულამძრავიან ტრანსმისია ”კვატროთი” აღიჭურვება.

დიზელის ძრავებია: 2.0-ლიტრიანი TDI, 170 ცხენის ძალით და 350 ნიუტონმეტრით, 2.7-ლიტრიანი TDI, 190 ცხენის ძალით და 400 ნიუტონმეტრით და 3.0-ლიტრიანი V6 TDI, 240 ცხენის ძალით და 500 ნიუტონმეტრით. ყველა ვერსია სრულამძრავიანი ტრანსმისიით (კვატრო), 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფით (ან 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატურით) და სისტემა სტარტ/სტოპით აღიჭურვება.

ახალი ავტომობილის საბაზო აღჭურვილობაში შევა სისტემა ”სტაბილურობის ელექტრონული პროგრამა” (ESP), რომელსაც წინა ღერძის დიფერენციალის ელექტრონული ჩამკეტი აქვს. ასევე, ”A5 სპორტბეკი” აღიჭურვება ”მართვის დინამიკური სისტემით”, რომელიც სამ განსხვავებულ რეჟიმში მუშაობს. ეს სისტემა აქსელერატორის მგრძნობიარობას, გადაცემათა კოლოფის (ნახევრად ავტომატურის შემთხვევაში) და საჭის მექანიზმის მუშაობას, კონკრეტული რეჟიმის შესაბამისად სრეგულირებს.

ასეთი მდიდრული და მრავალფეროვანი აღჭურვილობის მიუხედავად, A5-ის ოჯახში ”A5 სპორტბეკი” ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილი იქნება. ევროპაში მისი სასტარტო ღირებულება 33 650 ევროა (2.0-ლიტრიანი TDI ვერსია), თუმცა გერმანული კომპანია გვპირდება, რომ შემდგომში კიდევ უფრო იაფ ვერსიასაც გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment