Sunday, August 16, 2009

”ჰენესი ვენომ GT” ჟენევური პრემიერისთვის ემზადება

Hennessey Venom GT

16 აგვისტო


ამერიკული სატუნინგო ატელიე ”ჰენესი პრეფორმენს ინჯინირინგი” ადრე მხოლოდ სხვა კომპანიების პოპულარული ავტომობილების მოდერნიზებით იყო დაკავებული და ამ საქმიანობით სახელიც გაითქვა, მაგრამ როგორც ჩანს, მის ხელმძღვანელობას ეს არ აკმაყოფილებდა და მათ საკუთარი მოდელის შემუშავება გადაწყვიტეს. თანაც ისეთის, რომელიც კონკურენციას თვით ”ბუგატი ვეირონსაც” კი გაუწევს.

ავტომობილს უკვე სახელიც აქვს - ”ვენომ GT”. მას პირველად საზოგადოება მერმის, ჟენევის ავტო შოუზე იხილავს. ის შუაძრავიანი შეთანწყობით გამოირჩევა და რა თქმა უნდა, წამყვანი უკანა ბორბლები აქვს. მისი შექმნის სურვილი ატელიეს შეფმა ჯონ ჰენსიმ პირველად ორი წლის წინ გამოთქვა. მაშინ პროექტი უკვე მზად იყო, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში, მასში ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად, თუ თავიდან ჩაფიქრებული იყო ორტურბოკომპრესორიანი 8.5-ლიტრიანი V10-ს გამოყენება (1000-ცხენისძალიანი სიმძლავრით), შემუშავების პერიოდში მისი სხვა აგრეგატით შეცვლა გადაწყდა.

ამ მიზნით, ”ჰენესის” კონსტრუქტორებმა ”შევროლე კორვეტ ZR1-ის” LS9 აგრეგატი შეარჩიეს, რომელსაც V8 კონფიგურაცია აქვს. ძრავი ერთი მექანიკური და ორი ტურბოდამჭირხნითაა აღჭურვილი, რომელთა მეშვეობითაც (სუნთქვა შეიკავეთ), 1 200 ცხენის ძალას ავითარებს. ეს საკმარისია იმისათვის, რომ 1088-კილოგრამიანი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 440 კმ/სთ (სუნთქვა კიდევ ერთხელ შეიკავეთ) იყოს. ეგ კიდევ არაფერი, ”ჰენესის” ინფორმაციით, გაჩერებულ ”ვენომ GT-ს” 100 კმ/სთ-ს აკრეფა 2.4 წამში შეუძლია (არ გაიგუდოთ), 0-160 კმ/სთ-ს 5.3 წამში, 0-240-ს 8.9 წამში, 0-320-ს კი 14.3 ავითარებს. ცოტა არ იყოს, ამბიციური მახასიათებლებია, რომელთა მიხედვითაც, ეს სუპერავტომობილი ფორმულა 1-ის ბოლიდებსაც კი გაუწევს კონკურენციას. ეს კი ცოტა საეჭვოა.

”პირველი ტექსასელი არ ვარ, ვინც ბრიტანული სტილის შასის ზემძლავრი ამერიკული ძრავით აღვჭურვავ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ავტომობილი მალე მთელს მსოფლიოში გაითქვავს სახელს და ის ისეთივე პოპულარული გახდება, როგორიც 60-იან წლებში ”AC კობრა” იყო”, - ამბობს ჯონ ჰენესი.

”ვენომ GT” ინგლისური ”ლოტუს ექსიჯის” ალუმინის პლატფორმაზეა ბაზირებული და როგორც ”ჰენესის” მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, გარეგნობითაც მას ჰგავს. თუმცა ზორბა უკანა ფრთის (რომელიც სიჩქარის შესაბამისად იცვლის დახრის კუთხეს), რადიატორების გვერდითა ჰაერამღებების, ძალიან დაბალი კლირენსისა და სხვა ელემენტების წყალობით, მას უფრო აგრესიული გამომეტყველება აქვს, რითაც მიგვანიშნებს, ძარის ქვეშ ნამდვილი მხეცი იმალება. ჯონ ჰენესი გვპირდება, რომ ავტომობილი ისეთივე მანევრული იქნება, როგორების წარმოებითაც ”ლოტუსია” განთქმული.

”ვენომ GT-ს” საბაზო ღირებულება 600 000 დოლარია. აქედან მყიდველს 200 000-ის გადახდა კომპანიაში განაცხადის შეტანისას მოუწევს, ამდენივეს 4 თვის შემდეგ გადაიხდის, განაცხადს შეტანიდან 9 თვის შემდეგ (სწორედ ეს დროა საჭირო ავტომობილის წარმოებისთვის) კი დარჩენილი 200 000-ის გადახდაც მოუწევს.

No comments:

Post a Comment