Wednesday, August 26, 2009

”მინის” საიუბილეო კონცეპტუალური ”კუპე”

Mini Coupe Concept

26 აგვისტო



ინგლისური კომპანია ”მინი”, რომელიც ”ბეემვეს” ჯგუფში შედის, დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, თავის პოტენციურ მყიდველს შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა კონცეპტუალური ”კუპეს” სახით. დღეს ”მინიმ” ამ ავტომობილის ფოტოები და მწირი ინფორმაცია გაავრცელა, მის მსოფლიო პრემიერას კი ფრანკფურტის ავტო შოუზე გეგმავს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, დიზაინერ გერდ ჰილდებრანდს, ”მინი კუპესგარეგნობა თავისი თინეიჯერი შვილის შთაგონებით შეუმუშავებია. თურმე ნუ იტყვით და მის შვილს ბეისბოლის კეპი შებრუნებული ეხურა და ეს რომ დაინახა, ჰილდებრანდმა უცებ წარმოიდგინა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ”მინის” სპორტული ავტომობილი.

მინი კუპე” სტანდარტულ სამკარიან ჰეჩბეკ ”მინი კუპერის” ბაზაზეა შექმნილი. ოღონდ მისგან უფრო დაბალი (136 მილიმეტრით) და დახრილი სახურავით გამოირჩევა, რომელსაც უკნიდან უჩვეულო ფორმის საყრდენი ”იჭერს”. ოდნავ შეცვლილია წინა და უკანა ბამპერების მოყვანილობაც. სახურავი სხვა მხრივაცაა საინტერესო - ის ალუმინისგანაა დამზადებული. იმის ხარჯზე, რომ სახურავი მსუბუქია და უფრო დაბალიც, ავტომობილის სიმძიმის ცენტრმა დაბლა დაიწია. ამით კი ავტომობილის შემხვედრი წინააღმდეგობა მცირდება. დაბლა დაწეული სიმძიმის ცენტრი კი ავტომობილის მართვადობის გაუმჯობესებას განაპირობებს.

ორადგილიანი კუპე ”მინი კუპერ S-ის” აგრეგატებითაა აღჭურვილი. კაპოტქვეშ 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი განლაგდა, რომელიც 211 ცხენის ძალასა და 280 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ეს აგრეგატი ასევე გამოიყენება ”მინის” ”ჯონ კუპერ უორკსის” სერიის სპორტულ ავტომობილებზე. მაბრუნი მომენტი კი წინა წამყვან ბორბლებს მიეწოდება.

იმის ხარჯზე, რომ სალონში არ არის უკანა სავარძლები, სახურავი კი ალუმინისაა, ასევე გამოყენებებულია მსუბუქი მასალები, ავტომობილის წონა 100 კილოგრამით შემცირდა, რაც მის დინამიკურ მონაცემებს ასევე აუმჯობესებს. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ეს მონაცემები, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მსუბუქ ორკარიან კუპეს ჰეჩბეკზე უკეთესი ტემპერამენტი ექნება.

კუპეს გარდა, ფრანკფურტში ”მინიმ” შეიძლება როდსტერიც წარმოადგინოს, რომელზეც ინფორმაცია შოუს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდება.

”მინი” ამ კონცეპტუალურ ავტომობილს ფრანკფურტის შოუს დამთვალიერებელთა და პრესის გამოხმაურებათა შესასწავლად გამოიყენებს. დადებითი გამოხმაურების შემთხვევაში, ავტომობილი კონვეიერზე აუცილებლად დადგება. მანამდე კი ”მინის” საწარმოო პროგრამას კიდევ ერთი ახალი ავტომობილი - ქროსოვერი შეემატება, რომლის საწარმოო ვერსიასაც ასევე ფრანკფურტში ვიხილავთ.

No comments:

Post a Comment