Wednesday, August 26, 2009

ფრანკფურტამდე გაიცანით - სამკარიანი ”პოლო”

Volkswagen Polo

26 აგვისტო

ფრანკფურტის ავტოგამოფენაზე, ევროპის უდიდესი ავტომწარმოებლის, გერმანული ”ფოლკსვაგენის” პავილიონის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ახალი ”პოლოს” სამკარიანი ვერსია იქნება, რომელის გაყიდვასაც ევროპელი დილერები შოუს დასრულებისთანავე დაიწყებენ. ფრანკფურტამდე კი, როგორც ეს ტრადიციად ჩამოყალიბდა, ფრანკფურტელებმა თავიანთი სიახლის შესახებ მცირე ინფორმაცია ინტერნეტით უკვე გაავრცელეს.

გაბარიტების მხრივ, სამკარიანი ”პოლო” ხუთკარიანისგან არ განსხვავდება. მისი ზომებია: სიგრძე 3970, და სიგანე 1682 მილიმეტრი. ეს კი, წინა (მეოთხე) თაობის ”პოლოს” სიგრძე/სიგანეზე შესაბამისად, 36 და 32 მილიმეტრით მეტია. ხუთკარიანი ”პოლოსგან” სამკარიანი ოდნავ დახრილი სახურავით (რითაც ის კუპეს სტილს მოგვაგონებს) და ოდნავ დიდი ზომის კარებებით გამოირჩევა.

სამკარიანი ”პოლოსთვის” შვიდი ძრავია განკუთვნილი. მათგან ოთხი ბენზინზე მუშაობს, სამი კი - დიზელის საწვავზე. ბენზინის აგრეგატების მუშა მოცულობა 1.2 და 1.4 ლიტრია. მათგან სამი ატმოსფერულია, ერთი კი - ტურბოკომპრესორიანი. პირველი სამის სიმძლავრე 60, 70 და 80 ცხენის ძალაა, 1.2-ლიტრიანი ტურბოსი კი - 105 ცხენის ძალა. რაც შეეხება დიზელის ძრავებს, მათი მაქსიმალური სიმძლავრე 75-დან 105 ცხენის ძალამდეა. გადაცემათა კოლოფები 6-საფეხურიანი მექანიკურებია, ტურბოძრავიანი ვერსია კი 7-საფეხურიან რობოტიზებულ DSG-ს მიიღებს, რომელსაც ორდისკოიანი გადაბმულობის ქურო მოემსახურება.

ჯერჯერობით უცნობია სამკარიანი ”პოლოს” დინამიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები. სამაგიეროდ, ვოლფსბურგელები გვამცნობენ, რომ თავიანთ ეკონომიურ ტექნლოგია ”ბლიუმოუშნს” სამკარიან ”პოლოზეც” დანერგავენ. ამ ტექნოლოგიით აღჭურვილი ხუთკარიანი ”პოლო” გერმანულმა კომპანიამ ჟენევის ავტო შოუზე წარმოადგინა. მის კაპოტქვეშ 1.2-ლიტრიანი დიზელის ძრავია განლაგებული. ავტომობილს ასევე ემსახურება სისტემა სტარტ-სტოპი, მისი ძარა კი ”მორთულია” აეროდინამიკური” ელემენტებით, რომელთა წყალობითაც, მნიშვნელოვნად მცირდება შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობა. ”ფოლკსვაგენის” მონაცემებით, ამგვარად დაკომპლექტებული ”პოლო” 100 კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 3.3 ლ საწვავს მოიხმარს.

უკვე ცნობილია, რომ ევროპაში სამკარიანი ”პოლოს” საწყისი ღირებულება 12 150 ევრო იქნება, ტოპ ვერსიის ფასი კი 15 900 ევროს მიაღწევს.

No comments:

Post a Comment