Wednesday, August 26, 2009

სიჩქარის რეკორდი ორთქლზე მომუშავე მანქანებისთვის

British Steam Car Challenge

26 აგვისტო



რამდენიმე არცთუ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ბრიტანელ ენთუზიასტთა გუნდმა, სახელად ”ბრიტიშ სტიმ ქარ ჩელინჯ”, როგორც იქნა, ორთქლის მანქანებისთვის სიჩქარის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მიუწვდომელი იყო.

ძველი რეკორდი - 205.44 კმ/სთ, 1906 წელს, ასევე ბრიტანელთა მიერ, ავტომობილ ”სტენლი სტიმერით” იყო დამყარებული. ”ბრიტიშ სტიმ ქარ ჩელინჯმა” ეს შედეგი ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში გააუმჯობესა - 210.80 კმ/სთ დააფიქსირა, მაგრამ ის დრო ოფიციალურად არ დაფიქსირდა რადგან გარბენს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) წარგზავნილები არ დასწრებიან.

მეორე ცდაზე გუნდმა სარეკორდო გარბენისთვის, აშშ-ის ედვარდსის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა (მოხავე, შტატი კალიფორნია) აირჩია და იქ FIA-ს წარმომადგენლებიც მიიწვია. საერთაშორისო ფედერაციის წესების შესაბამისად, რეკორდის ოფიციალურად დასაფიქსირებლად, აუცილებელი იყო, რომ ერთი საათის განმავლობაში, ავტომობილს სწორი მონაკვეთი ორი მიმართულებით თითოჯერ გაევლო.

ავტომობილი ორთქლის 12 ქვაბითაა აღჭურვილი, რომლებშიც, გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი ორთქლი, ტურბინის ფრთებს ბგერისაზე თითქმის ორჯერ მეტი სიჩქარით მიეწოდება. ორთქლის დანადგარის ჯამური სიმძლავრე 360 ცხენის ძალას აღწევს.

მაქსიმალური სიჩქარის ასაკრეფად სარეკორდო ავტომობილს დაახლოებით 4 კილომეტრი კილომეტრი სჭირდება. დაახლოებით ამდენივეა საჭირო გასაჩერებლად. რეკორდის დასაფიქსირებლად კი, მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობისთვის, მას დაახლოებით ორი კილომეტრის გავლა უწევდა. საერთო ჯამში, სარეკორდო ავტომობილმა ეს დისტანცია (დაახლოებით 10.4 კმ) სულ რვაჯერ გაიარა.

პირველი რეკორდული გარბენისას, სიჩქარე 217.7 კმ/სთ-ის დონეზე დაფიქსირდა, 50-წუთიანი მომზადების შემდეგ, ის უკანა გზაზე გამოუშვეს და ამჯერად, 241.7 კმ/სთ-ს მიაღწია. ერთ-ერთი გარბენის დროს, ორთქლის ავტომობილმა 243 კმ/სთ-ზე მეტიც კი განვითარა. ორი გარბენის შეჯამებით, ორთქლის მანქანებისთვის სიჩქარის ახალ რეკორდად 225 კმ/სთ გამოცხადდა. სავარაუდოდ, ამ შედეგს FIA მალე ოფიციალურად დაადასტურებს.

ჰო მართლა, რეკორდული გარბენების დროს, ავტომობილს, რომლის აგებასაც ”ბრიტიშ სტიმ ქარ ჩელინჯის” ინჟინრებმა თითქმის ათი წელი მოანდომეს, ბრიტანული წარმოშობის კანადელ-ამერიკელი ბიზნესმენი და ავტომრბოლი ჩარლზ ბარნეტი მართავდა, რომელმაც პროექტის დაფინანსებაშიც მიიღო მონაწილეობა.

No comments:

Post a Comment