Tuesday, September 8, 2009

გაიცანით - ”ვოლვოს” განახლებული C30

Volvo C30

8 სექტემბერი



შვედურმა კომპანია ”ვოლვომ” თავისი ყველაზე პატარა ავტომობილის - ჰეჩბეკ C30-ის ოდნავ სახეშეცვლილი ვარიანტის შესახებ მწირი ინფორმაცია გაავრცელა. ახალი ავტომობილი ”ვოლვოს” ახალ კორპორატიულ სტილში შესრულდა, რამაც გარე დიზაინის ოდნავ შეცვლა მოითხოვა.

პირველი თაობის C30-გან ახალ ავტომობილს შეცვლილი წინა ფარები, წინა ფრთასხმულობა, რადიატორის ბადე და სხვა, ნაკლებად შესამჩნევი ელემენტები განასხვავებს. რადიატორზე კი ”ვოლვოს” გაზრდილი ზომის ლოგოა გამოსახული. შიგნიდან განახლებული C30 სისადავით გამოირჩევა - არაფერი ზედმეტი, ყველაფერი მხოლოდ საქმისთვის. განსაკუთრებულად ორიგინალურად მოსჩანს ცენტრალური კონსოლი, რომელზეც მთავარი ადგილი ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტის მსგავს სამართავ პულტს უკავია. კონსოლის უკანა ნაწილში კი მძღოლისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ადგილზე, მცირე ყუთია მოთავსებული, რომელიც მცირე საგნების მოსათავსებლადაა განკუთვნილი.

რაც შეეხება ავტომობილის აღჭურვილობას, ახალი C30 ძველ შასიზე ზის, თუმცა მყიდველს ოპციის სახით, სპორტულ ყაიდაზე მომართულ შასისაც შესთავაზებენ. უფრო სპორტული გახდა საჭის მექანიზმიც, რაც იმის შედეგია, რომ კბილანსა და ლარტყას შორის გადაცემის რიცხვი შემცირდა. დაახლოებით 30 პროცენტით გახისტებულია დრეკადი ელემენტებიც - ზამბარები და ამორტიზატორები. ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ ავტომობილი უფრო მანევრული იყოს და მოსახვევებიც უკეთ გაიაროს (რა თქმა უნდა, დიდი სიჩქარით).

ძრავების გამაში არაფერი შეცვლილა - კაპოტქვეშ ბენზინის და დიზელის ძველ ძრავებს ნახავთ. მათი ლიტრაჟი 1.6-დან 2.5 ლიტრამდეა, სიმძლავრე კი - 100-დან 230 ცხ.ძალამდე. მათგან ყველაზე ეკონომიური 1.6-ლიტრიანი ტურბოდიზელია, რომელიც სისტემა სტოპ-სტარტის შემწეობით, 100 კილომეტრს სულ რაღაც 3.8 ლიტრი საწვავით გადის.

დიდი არჩევანია გადაცემათა კოლოფების მხრივაც. ესენია 6-საფეხურიანი მექანიკური, 5-საფეხურიანი ავტომატური და 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი, რომელიც მუხლა ლილვისგან მაბრუნ მომენტს ორდისკოიანი გადაბმის ქუროს გავლით ღებულობს.

ახალი C30 პირველად საზოგადოების წინაშე ალბათ ფრანკფურტში წარსდგება, ევროპელი დილერების შოურუმებში კი ის მერმის გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment