Tuesday, September 8, 2009

”ლაგონდა” ”მერსედეს S-კლასის ბაზაზე სედანს შექმნის?

Lagonda’s Mercedes S-Class-based Sedan

8 სექტემბერი

ჟენევის წლევანდელ საავტომობილო გამოფენაზე ”ასტონ მარტინმა” აშკარა კრახი განიცადა, როდესაც თავისი განახლებული ბრენდის - ”ლაგონდას” სახელით, უგზოობის ავტომობილი წარმოადგინა. საზოგადოებამ ეს უცნაური მოყვანილობის მქონე ცონცეპტუალური მოდელი აშკარად არ მიიღო. ბუნებრივია, პროექტი თაროზე შემოდეს. მაგრამ წარუმატებლობამ ინგლისურ კომპანიას ”ლაგონდას” აღდგენაზე ხელი ვერ ააღებინა.

ინტერნეტში გუშინ გავრცელებული ინფორმაცია გვაუწყებს, რომ ”ლაგონდას” სახელით ამჯერად სედანის ტიპის ძარიანი კონცეპტუალური ავტომობილი იქმნება. ამჯერადაც, ინგლისურ კომპანიას პარტნიორობას გერმანული ”მერსედეს-ბენცი” უწევს - ახალი კონცეპტუალური მოდელის ბაზისად ”ასტონელები” გერმანული კომპანიის ფლაგმანის, S-კლასის სედანის პლატფორმას გამოიყენებენ.

სხვათა შორის წინა ჩაფლავებული პროექტიც შტუტგარტული კომპანიის მოდელის - უგზოობის GL-ის პლატფორმაზე დაემყნო, თუმცა უშედეგოდ და ეს მხოლოდ ინგლისური კომპანიის დიზაინრთა ბრალია, რომლებმაც მეტისმეტად თამამი სტილი შეიმუშავეს. მაგრამ პირველ წარუმატებლობას ორივე კომპანიისთვის პარტნიორობის მადა არ გაუფუჭებია.

S-კლასის სედანის პლატფორმის გამოყენებით, ”ასტონ მარტინი” მნიშვნელოვან სახსრებს დაზოგავს და რაც მთავარია, უმაღლესი სტანდარტით შექმნილ პროდუქტს გამოიყენებს. სხვათა შორის, იგივე პლატფორმას ”სამქიმიანები” თავიანთი სუპერ ბრენდის - ”მაიბახის” სედანებისთვისაც იყენებენ. ავტომობილი, რომელიც ბაზარზე 2012 წელს უნდა გამოჩნდეს, ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღიჭურვება და ”მერსედესისგან” უამრავ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიასაც მიიღებს, რაც მას დებიუტისთანავე ანგარიშგასაწევ ძალად აქცევს.

ჰიბრიდული აგრეგატი, რომელსაც ”ლაგონდა” თავის სედანზე გამოიყენებს, შტუტგარტელებმა პირველად S-კლასის ”S400 ჰიბრიდზე” დააყენეს. ეს აგრეგატი იმითაა საყურადღებო, რომ ის ოთხი კონკურენტი კომპანიის - ”დაიმლერის”, ”ჯენერალ მოტორსის”, ”კრაისლერისა” და ”ბეემვეს” ერთობლივი გარჯის შედეგია.

რაც შეეხება ახალი კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობას, მას კვლავ ”ასტონ მარტინის” დიზაინერები შეიმუშავებენ. ჟენევური ფიასკოს შემდეგ, ეს გარკვეული რისკია, თუმცა ინგლისური კომპანია ირწმუნება, რომ მკაცრი გაკვეთილის შემდეგ, მსგავს შეცდომას აღარ გაიმეორებენ...

No comments:

Post a Comment