Thursday, September 17, 2009

ფრანკფურტის ავტო შოუ

”რევოლტი” - ”სიტროენის” რეტროჰიბრიდული კონცეპცია

Citroen Revolte

17 სექტემბერი

ფრანგულმა კომპანია ”სიტროენმა” ფრანკფურტში მიმდინარე საავტომობილო შოუზე, საზოგადოებას თავისი ახალი ცონცეპტუალური ნამუშევარი - ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ”რევოლტი” წარუდგინა, რომელიც ამავე კომპანიის ერთ დროს პოპულარული მოდელს - 2CV-ს თანამედროვე ვერსიაა.

ავტომობილის ჰიბრიდული სისტემით აღჭურვა თანამედროვე საავტომობილო ბაზრის ტენდენციაა, რომელსაც ევროპაში გამონაბოლქვზე მოთხოვნების უკიდურესი გამკაცრება განსაზღვრავს. ”რევოლტის” ჰიბრიდი იმითაა საინტერესო, რომ ის საშუალებას იძლევა, ავტომობილმა როგორც ელექტროძრავის, ასევე შიდაწვის ძრავის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტით ისარგებლოს.

”რევოლტს” ფოტოელემენტებით დაფარული სახურავი აქვს, რომელიც ავტომობილის ელექტრომოწყობილობათა მუშაობასაც უზრუნველყოფს (რა თქმა უნდა, დღისით) და პარალელურად, ენერგიას აკუმულატორებსაც აწვდის, რათა ისინი სრულად არ განიმუხტონ. ”სიტროენმა” გამოფენაზეც კი არ გამოაცხადა, ”რევოლტის” ჰიბრიდული აგრეგატის ტექნიკური მონაცემები, არც მისი სვლის სიშორე და დრო, რაც საჭიროა ლითიუმ-იონური აკუმულატორების სრულად, ან ნაწილობრივ დასამუხტად.

რაც შეეხება ”რევოლტის” გაბარიტებს, ამ მხრივ, ის ახლოსაა ჰეჩბეკ C2-თან. კონცეპტუალური მოდელის სიგრძე 3.68 მ, სიგანე 1.73 მ, სიმაღლე კი 1.35 მეტრია. გაბარიტების მსგავსების მიუხედავად, ”სიტროენმა” უარყო ხმები იმის შესახებ, რომ ”რევოლტი” C2-ის შემდგომი თაობის ავტომობილის კონცეპციაა. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით, 2CV-ს აღდგენაც არ იგეგმება, რადგან კომპანიის სამოდელო გამაში მისთვის ადგილი არ არსებობს.

”ჩვენ ”რევოლტი” მხოლოდ იმისთვის შევქმენით, რომ ფრანკფურტის გამოფენის დამთვალიერებლებზე, უპირველესად კი გერმანელებზე შთაბეჭდილება მოგვეხდინა. მართალია, წარმოების ბოლო წლებში 2CV გერმანიაში ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ჯერჯერობით, C2-ის სხვა მანქანით შეცვლას არ ვგეგმავთ და შესაბამისად, ”რევოლტი” არ უნდა ჩაითვალოს მომავალი სერიული ავტომობილის წინამორბედად”, - ფრანკფურტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ”სიტროენის” კონცეპტუალური ავომობილების შტოს შეფმა კარლო ბონცანიტომ.

ფრანკფურტშივე, ”სიტროენმა” ახალი თაობის ჰეჩბეკი С3 და სრულიად ახალი პრემიუმ კლასის ჰეჩბეკი DS3 წარადგინა, რომელმაც კონკურენცია ”მინის” და ”ალფა რომეო მი.ტო-ს” უნდა გაუწიოს.

No comments:

Post a Comment