Thursday, September 17, 2009

ფრანკფურტის ავტო შოუ

e-ტრონი - ”აუდი” ელექტრონული სუპერავტომობილი

Audi e-tron

17 სექტემბერი

ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე, გერმანულმა კომპანია ”აუდიმ” თავის სუპერავომობილ R8-ს ბაზაზე დამზადებული კონცეპტუალური ელექტრონული სუპერავტომობილი e-ტრონი წარადგინა.

ეს ავტომობილი იმითაა გამორჩეული, რომ მას ყოველ ბორბალში ელექტროძრავი აქვს ჩამონტაჟებული, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 313 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი, როგორც ”აუდის” პრესრელიზი გვამცნობს (თუ შეცდომა არაა) 4 500 ნიუტონმეტრს (!!!) აღწევს.

ავტომობილი, რომელიც სრულამძრავიანად შეიძლება ჩაითვალოს, ლითიუმ-იონური აკუმულატორებითაა აღჭურვილი, რომლებში დაგროვილი ელექტროენერგიაც საკმარისია იმისათვის, რომ e-ტრონმა შეუფერხებლად 248 კილომეტრი გაიაროს.

გერმანული კომპანიის იმავე რელიზში მითითებულია, რომ ამ სპორტულ ელექტრომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.8 წამში შეუძლია, 60-დან 120 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი 4.1 წამია საჭირო. იმის გამო, რომ სიჩქარის ზრდასთან ერთად, ძრავების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი იზრდება, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ით შეიზღუდა (ელექტრომობილისთვის, თუნდაც მას სპორტული გარეგნობა ჰქონდეს, ესეც ძალიან კარგი მაჩვენებელია).

”აუდი e-ტრონი” ეგრეთ წოდებული პლაგ-ინ სისტემითაა აღჭურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ენერგიას საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან ივსებს. აკუმულატორების სრულად დასამუხტად, 6-8 საათია საჭირო. სხვათა შორის, ავტომობილის მოძრაობისას, აკუმულატორები შევსებას მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემისგან ღებულობენ. მსგავს სისტემას (კერს) ფორმულა ერთის ზოგიერთი გუნდიც იყენებს.

საინტერესოა e-ტრონის სამუხრუჭე სისტემაც, რომელიც ზორბა კრამიკული დისკოებითაა აღჭურვილი. ამასთან, წინა მუხრუჭები ჰიდრავლიკურია, უკანა კი ელექტრომექანიკური, ეგრეთ წოდებული მცურავი დამჭერები (სუპორტები) დგას, რომლებიც მოქმედებაში ელექტრულ სიგნალებს მოჰყავს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ამგვარი სისტემა ხახუნზე ნარჩენი დანაკარგების შემცირებას უზრუნველყოფს. ამგვარ დანაკარგებს კი მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მძღოლი მუხრუჭის სატერფულიდან ფეხს იღებს.

”აუდ e-ტრონი” ასევე აღჭურვილია საკომუნიკაციო სისტემა ქარ-თუ-იქსით (Car-to-X), რომლის მეშვეობითაც, ამ სისტემით აღჭურვილ ავტომობილებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლიათ, რაშიც მონაცემთა გაცვლა იგულისხმება. მაგალითად, ამ სისტემის მეშვეობით, ერთ ავტომობილს შეუძლია, მეორეს მის წინ არსებული სახიფათო სიტუაციის, ან საცობის შესახებ ამცნოს. გარდა ამისა, ამ სისტემას პარკირების ადგილზე თავისუფალი ადგილის მოძებნაც შეუძლია. სანავიგაციო სისტემის მეშვეობით, ეს სისტემა მოძრაობის ოპტიმალურ მარშრუტს ირჩევს და ამგვარად, საწვავის დაზოგვა შეუძლია.

”აუდის” შემუშავებული აქვს ელექტრომობილების მასობრივი წარმოების გეგმა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ გერმანული კომპანიის ელექტრომობილების გამაში აუცილებლად შევა ავტომობილი, რომელიც ფრანკფურტში ნაჩვენები კონცეპტუალური e-ტრონის ბაზაზე შეიქმნება. მის გარდა, ელექტრომობილების წარმოების პროგრამაში შევა როდსტერი, სრულგაბარიტიანი სედანი და კომპაქტური საქალაქო ავტომობილი, რომელიც ”ფოლკსვაგენ უპ!-ის” ბაზაზე შეიქმნება.

No comments:

Post a Comment