Wednesday, September 30, 2009

”ფერარი P4/5 კომპეტიციონე” - გლიკენჰაუსი რბოლებმა გაიტაცა

Ferrari P4/5 Competizione In The Works?

30 სექტემბერი

მანქანა, რომლის სურათსაც აქ ხედავთ, რეალურად არ არსებობს. უფრო სწორედ, არსებობს, მაგრამ ამ ფერებში არა. ავტომოყვარულებს უთუოდ ემახსოვრებათ, რომ ოთხი წლის წინ, ამერიკელი კინოპროდიუსერისა და საფონდო ბირჟის მაგნატ ჯეიმს გლიკენჰაუსის შეკვეთით, იტალიურმა ატელიე ”პინინფარინამ”, ლეგენდარული ”ფერარი ენცოს” ბაზაზე, P4/5 შექმნა, რომელიც დღემდე, მთელს მსოფლიოში, ერთადერთი ეგზემპლარის სახით არსებობს.

გლიკენჰაუსის შეკვეთის მიზანი სწორედ ის იყო, რომ მის პატრონს ექსკლუზიური, მხოლოდ მისთვის შექმნილი სუპერ ავტომობილი ჰყოლოდა.

მაგრამ დღეს გლიკენჰაუსს ამ შესანიშნავი ავტომობილისთვის ახალი მისია დაუსახავს და თუ ჩანაფიქრი განახორციელა, მალე გამძლეობის რბოლებში (როგორიცაა კე მანის 24-საათიანი რბოლა), მისი გვარის მატარებელი გუნდი, სწორედ P4/5-ს ბაზაზე შექმნილი ”P4/5 კომპეტიციონეთი” იასპარეზებს.

და მაინც, ამ სურათზე მხოლოდ ფოტო ტისერია, რომელიც ცნობილ ჰოლანდიელ დიზაინერ მიშელ ვან დენ ბრინკს ეკუთვნის, რომელიც სერიული და მცირესერიული ავტომობილების ბაზაზე, ექსკლუზიური მოდელების შემუშავებაშია გაწაფული.

ვან დენ ბრინკის მიერ შექმნილი ტისერი რეალურად, მხოლოდ ფერშეცვლილი P4/5-ის. ის კეგენდარულ გუნდ ”ნორთ ამერიკენ რეისინგ ტიმის” (NART) ფერებშია გამოწყობილი. ეს გუნდი ცნობილია, როგორც აშშ-ის გამძლეობის რბოლებში ”ფერარის” ავტომობილების მომხმარებელი. NART-ი ჩრდილოამერიკულ რბოლებში 1958-1982 წლებში, მხოლოდ ”ფერარის” ავტომობილებით მონაწილეობდა.

როგორი გაგრძელება ექნება გლიკენჰაუსის ახალ იდეას, ჯერ არავინ იცის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კაცს ყველაფერი გამოსდის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მალე, მისი სარბოლი გუნდის ავტომობილები სებრინგის, კაგუნა სეკას, დეიტონას, ან თუნდაც სარტეს ტრასებზე გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment