Friday, October 2, 2009

”ალფა 169-ს” წარმოების დაწყება გვიანდება

Alfa Romeo 169

2 ოქტომბერი

”ალფა რომეო” ბიზნეს კლასის სედან 169-ს წარმოების დაწყებას ამ წლის ბოლოდან აპირებდა, მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა იტალიურ კომპანიას გეგმები შეაცვლევინა. და დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ გვარიანად მოძველებული ”ალფა 166-ის” შემცველი მერმის, წლის ბოლოსღა თუ გამოჩნდება. უფრო მეტიც, ბოროტი ენები სისინებენ, რომ ”ალფა 169-ს” კიდევ სამი წელი ვარ ვიხილავთ.

ინტერნეტით უკვე გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ”ალფა 169-ს” მსავარაუდი გარეგნობა ჩანს. ძნელი სათქმელია, ამ ფოტოებზე გამოსახულ ავტომობილს რა აქვს საერთო ახალ სედანთან, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ სახით, ის ძალიან პოპულარული გახდება.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ”ალფა რომეო” თავისი დიდი სედანის კორპორატიულ სტილს ცვლის. 169-ს წინა ნაწილში ისევ მილანური კომპანიისთვის დამახასიათებელი რადიატორის სტილიზებული ბადე დომინირებს, რომელსაც ამჯერად უფრო მომრგვალებული მოყვანილობა აქვს. რადიკალურადაა შეცვლილი ავტომობილის უკანა ნაწილის დიზაინი, რომელიც ერთდროულად ორი კონკურენტის - ”მერსედეს CLS-ის” და ”ფოლკსვაგენ პასატ CC-ს” შესაბამისი ნაწილის მოყვანილობასაა მიმსგავსებული. ჰო მართლა, 169-ს ფასტბეკის სტილში, მეხუთე კარიც აქვს, რის გამოც, ის შეიძლება სედანის ტიპს აღარ მივაკუთვნოთ და ოთხკარიანი კუპე ვუწოდოთ.

სედანი 169 ”ალფა რომეოს” პირველ რიგში, აშშ-ის ბაზარზე დასაბრუნებლად სჭირდება. მაგრამ შესაბამისი ახალი პლატფორმის არქონის გამო, წარმოებისთვის მისი მომზადება გვიანდება. სავარაუდოა, რომ ამ ავტომობილისთვის მილანელები ”ფიატის” მიერ წელს შეძენილი ”კრაისლერის” რომელიმე არსებულ პლატფორმას გამოიყენებენ. არც ისაა გამორიცხული, რომ ალიანსის წევრებმა ახალი პლატფორმა თავ-თავიანთი მოდელებისთვის ერთობლივად შეიმუშაონ. გარდა ამისა, ”ფიატი” და ”ალფა რომეო”, რომელიც ტურინული კონცერნის ჯგუფში შედის, ამერიკაში დასაბრუნებლად, პარტნიორი ”კრაისლერის” სადილერო ქსელს გამოიყენებენ.

მართალია, ”ალფა 169-ს” შესახებ ჯერ ოფიციალურად არნაირი დადასტურებული ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ მას წამყვანი უკანა ბორბლები ექნება და ძრავების ფართო გამას მიიღებს, რომელთა სიმძლავრე 170-დან 250 ცხენის ძალამდე იქნება. სავარაუდოდ, ავტომობილის ფასი 40 00 ევროს ფარგლებში იქნება.

No comments:

Post a Comment