Saturday, October 3, 2009

”ბუგატი” ”გალიბიერ 16C-ს” გამოუშვებს

Bugatti Galibier 16C

3 ოქტომბერი

”ბუგატის” კონცეპტუალურ სედან ”გალიბიერ 16C-ს” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე შედგა, მაგრამ იქ კომპანიას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, აპირებს თუ არა ამ ავტომობილის წარმოებას. მაგრამ ავტო შოუს დასრულებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ფრანკფურტში მიღებული კარგი გამოხმაურების გამო, ამ ბრწყინვალე ავტომობილს მალე მწვანე შუქს აუნთებენ.

სპორტული ”ვეირონისგან” განსხვავებით, ”გალიბიერი” სიჩქარის დემონი არაა და მასში აქცენტი სიმდიდრესა და კომფორტზეა გაკეთებული. ერთი შეხედვით, ამის დასტურად, ტყავითა და ძვირფასი ხის მასალებით გაწყობილი სალონი გამოდგება, სადაც მხოლოდ ოთხი სავარძელი დაგხვდებათ.

ძრავი იგივეა, რაც ”ვეირონზე” – 8.0-ლიტრიანი W16, რომელსაც ოთხი ტურბოკომპრესორის ნაცვლად, ორი მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. ეგ კიდევ არაფერი, კომპანიის იჟინრებმა ამ აგრეგატის ტემპერამენტი ხელოვნურად შეზღუდეს და თუ ”ვეირონზე” ძრავს 1 000 ცხენის ძალა აქვს, ”გალიბიერზე” 800 ცხენის ძალითაც კმაყოფილდება. გადაბმულობის ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, ძრავს 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უკავშირდება.

”გალიბიერის” ცისფერსისხლისნობას ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ ავტომობილი ორ ფერში - სარკესავით გაპრიალებული ალუმინისა და კარბონის შავ ფერებშია გამოწყობილი. სავარაუდოდ, წარმოების დაწყების შემდეგაც, ორფეროვანი მოტივი დარჩება, თუმცა ფერთა შეხამებას ალბათ მყიდველი თავისი გემოვნებით შეარჩევს.

დაბოლოს. რა დროს ამაზე ლაპარაკია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ”ბუგატი” გალიბიერის ფასი დაახლოებით 1.45 მილიონი დოლარი იქნება. სავარაუდოდ, ამ ავტომობილის წარმოება მერმის დაიწყება.

No comments:

Post a Comment