Saturday, October 3, 2009

”ფოლკსვაგენი” უკვე მეშვიდე თაობის ”გოლფს” ამზადებს

Volkswagen Golf MkVII

3 ოქტომბერი

მეშვიდე თაობის ”გოლფი” საგზაო ტესტებს გადის

..............................................................................................

ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც ”ფოლკსვაგენმა” მეექვსე თაობის ”გოლფის” გაყიდვა დაიწყო, წარმოებისთვის კი უკვე ამზადებს ახალ, მეშვიდე ”გოლფს”, რომელიც სავარაუდოდ, ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება.

ახალი ავტომობილის პლატფორმა უკვე გადის საგზაო ტესტებს, მისი ძარის დიზაინი კი ჯერაც შემუშავების სტადიაშია. რა თქმა უნდა, მასზე მუშაობა გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთმა ნიუანსმა პრესაში მაინც გაჟონა და ამაში დამნაშავენი ვოლფსბურგული კომპანიის ის თანამშრომლები არიან, რომლებმაც კონცეპტუალური L1-ის პრომო კლიპი ჩაწერეს.

კადრი L1-ის პრომო კლიპიდან

................................................................

საქმე ისაა, რომ კლიპის ერთ კადრში, უკანა პლანზე მეშვიდე ”გოლფის” დიზაინის შემუშავების პროცესი მოხვდა. ავტომობილის თიხის სკულპტურა უკვე დასრულებულია და კადრში ჩანს, თუ როგორ მუშაობენ დიზაინერები ავტომობილის ძარის ცალკეულ ელემენტებზე.

რა თქმა უნდა, ყოველივე ”ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელობამაც შენიშნა და ის კადრები, რომლებზეც ახალ ”გოლფზე” მუშაობის პროცესია ასახული, კლიპიდან ამოიღეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან გერმანულ ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” სპეციალისტებმა ეს მომენტი ცალკეულ კადრებად ამოიღეს და, რა თქმა უნდა, გაავრცელეს.

ტესტირების პროცესში გადაღებული ფოტოების და კლიპიდან ”მოპარული” კადრის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ახალი ”გოლფი” იმ სტილში სრულდება, რომელიც ვოლფსბურგელებმა უკვე გამოიყენეს ახალ ”სიროკოსა” და ”პოლოზე”. ესე იგი, ავტომობილს წინ წამოწეული ცხვირი და წინა თაობის მოდელთან შედარებით დაწვრილებული წინა ფარები ექნება.

მაგრამ იბადება კითხვა - რისი ბრალია, რომ მწარმოებელმა თავისი პოპულარული ავტომობილის მე-6 თაობის მოდელს ასეთი ხანმოკლე არსებობა არგუნა? მიზეზი ძალიან მარტივია - მეექვსე ”გოლფი” მეხუთის ბაზაზეა შექმნილი და ფაქტობრივად, მისი მოდიფიცირებული ვარიანტია. შეიძლება ითქვას, რომ განახლებული მეხუთე ”გოლფია”.

კონცერნის ვოლფსბურგული შტაბბინიდან გავრცელებული კონფიდენციური ინფორმაციით, მეექვსე ”გოლფის” წარმოება 2011 წლის დეკემბერში შეწყდება. სულ ამ ავტომობილს 1.6 მილიონ ცალს დაამზადებენ. შედარებისთვის, მეხუთე ”გოლფი”, რომლის წარმოებაც 2003 წელს დაიწყო, 2.3 მილიონი ცალი გაიყიდა, რაც ამ მოდელისთვის ასევე საშუალო მაჩვენებელია.

რაც შეეხება მეშვიდე ”გოლფს”, ის სრულიად ახალ პლატფორმას და გაცილებით ეფექტურსა და ეკონომიურ ძრავების გამას მიიღებს და ვოლფსბურგელთა ვარაუდით, ბაზარზე თავის პოზიციებს დაიბრუნებს. სწორედ ამიტომაა, რომ მეექვსე ”გოლფს” ასეთი ხანმოკლე ციკლი ერგო.

No comments:

Post a Comment