Tuesday, October 6, 2009

”ასტონ მარტინი” წარმოებას ამრავალფეროვნებს

Aston Martin

6 ოქტომბერი

ვან-77

..............................

ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისის მიუხედავად, ინგლისური კომპანია ”ასტონ მარტინი” მაინც ბიზნესის გაფართოებაზე ზრუნავ და ამისათვი თავისი სამოდელო გამის სამი ახალი ავტომობილით შევსება აქვს გადაწყვეტილი. გარდა ამისა, არსებულ მოდელებსაც მნიშვნელოვან გადახალისებას უპირებს.

ამ სამეულიდან ”ასტონ მარტინისთვის” ყველაზე არატრადიციული, მისი თაყვანისმცემლებისთვის კი ყველაზე მოულოდნელია ჯუჯა ”სიგნიტი”, რომლის გაყიდვების დაწყებაც მერმისიდანაა მოსალოდნელი. ჩვენი ბლოგის მკითხველს ეს ავტომობილი 7 ივლისის გამოშვებაში გავაცანით. ის ”ტოიოტა iQ-ს” ბაზაზე იქმნება და მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ”ასტონ მარტინის” მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდეს. ამგვარად, ინგლისური კომპანია შეძლებს, მიუახლოვდეს გამონაბოლქვზე ევროკავშირის ახალ, უმკაცრეს სტანდარტებს, რომლებიც ძალაში 2012 წელს შევა.

სიგნიტი
....................................
წინასწარი მონაცემებით, ”სიგნიტი” მხოლოდ ევროპაში გაიყიდება და მის შეძენას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვინც ”ასტონ მარტინის” სხვა მოდელებს შეიძენენ. რა თქმა უნდა, ინგლისური კომპანია iQ-ს ძირეულად შეცვლის. შეიცვლება როგორც ავტომობილის ინტერიერი, ისე გარეგნობაც. მოსალოდნელია, რომ ”ასტონ მარტინის” სამოსში გამოწყობილი iQ-ს საწყისი ფასი 32 000 დოლარი, იაპონურ ავტომობილზე დაახლოებით ორჯერ მეტი იქნება.

რეპიდი

..............................

გარდა ამისა, ”ასტონ მარტინი” მალე დაიწყებს სუპერ ავტომობილ ”ვან-77-ის” წარმოებას. სახელში რიცხვი იმის მანიშნებელია, რომ კომპანია სულ 77 ცალი ამ ავტომობილის გამოშვებას აპიებს და მისი მყიდველი 77 რჩეულთაგან ერთ-ერთი იქნება.

ავტომობილის ექსკლუზიურობას მისი მონაცემები სრულად შეესაბამება. ის აღჭურვილია 7.3-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 740 ცხენის ძალას ავითარებს. მყიდველს საშუალება ექნება, თავისი გემოვნების და სურვილების შესაბამისად შეუკვეთოს ინტერიერის თითქმის ყველა ელემენტი. სამაგიეროდ, შენაძენი მას 2 მილიონი დოლარი დაუჯდება.

მესამე მოდელია ოთხკარიანი კუპე (ან კუპეს სტილის სედანი, ან ფასტბეკი) ”რეპიდი”, რომლის მსოფლიო პრემიერა ახლახანს, ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე შედგა და რომლის გაყიდვებიც მერმის დაიწყება. ჯერჯერობით, ამ ავტომობილის ფასი არ დაზუსტებულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის 200 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება არსებული მოდელების განახლებას, კომპანია მერმის ლიმიტირებული ”ვანტიჯის” გამოშვებას გეგმავს, რომელიც ახალი V12 ძრავით აღიჭურვება. ჯერჯერობით არ იგეგმება ორი მოდელის - DB9-ს და DBS-ის განახლება, ან მოდიფიცირება.

დაბოლოს, მერმის, ჟენევის ავტო შოუზე მოსალოდნელია ”ასტონ მარტინის” მიერ თავისი ცნობილი ბრენდის, ”ლაგონდას” გაცოცხლება. ამ მარკით კი პირვლ რიგში, ქროსოვერის წარმოება იგეგმება. ოღონდ, არა ისეთის, რომელიც კომპანიამ ჟენევაში წელს წარადგინა და საშინელი გამოხმაურება მიიღო.

No comments:

Post a Comment