Wednesday, October 7, 2009

”ტოიოტას” და ”სუბარუს” ერთობლივი შვილობილი

Toyota Reveals FT-86 Concept

7 ოქტომბერი

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტით გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ”ტოიოტა” და ”სუბარუ” ერთობლივად აპირებდნენ სპორტული ავტომობილის შექმნას. მაშინ ბევრმა ეს ჭორადაც ჩათვალა, მაგრამ თურმე სიმართლე ყოფილა.

ორმა იაპონურმა კომპანიამ თავიანთი ერთობლივი პროდუქტის შესახებ პირველი ინფორმაცია გაავრცელეს. ავტომობილი, რომელსაც სახელად ”ტოიოტა FT-86” შეარქვეს, ”სუბარუ იმპრეზას” მოდიფიცირებულ ბაზაზეა შექმნილი. მისი პირველი ჩვენება ტოკიოს საავტომობილო შოუზე, ამ თვის ბოლოს გაიმართება.

”ტოიოტა FT-86” არის კუპეს ტიპის ავტომობილი, რომელსაც სალონში 2+2 ადგილი აქვს, გარეგნულად კი ამავე კლასის ”ლექსუს IS-F-ს” ჰგავს. მაგრამ ავტომობილის ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი ძრავია, რომელიც ”სუბარუსგანაა” ნასესხები და რა თქმა უნდა, ცილინდრების (სულ ოთხი აქვს - 2-2 თითო რიგში) ორი რიგის ოპოზიტური განლაგებით გამოირჩევა. ძრავის სამუშაო მოცულობა 2.0 ლიტრია, ოღონდ თუ ”სუბარუს” აგრეგატი ტურბოკომპრესორიანია, FT-86-ზე ის ”ატმოსფერულად” სუნთქავს.

ძრავთან დაკავშირებულია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომლისმიერ გადამუშავებულ მაბრუნ მომენტსაც მხოლოდ უკანა, წამყვანი ბორბლები ღებულობს. შეგახსენებთ, რომ ”სუბარუ” თავის ავტომობილებზე ძირითადად სრულამძრავიან ტრანსმისიებს იყენებს.

”ტოიოტას” წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ოპოზიტური ძრავით, მათ სიმძიმის ცენტრის დაბლა დაწევა მოახერხეს. ტურბოს გარეშე კი ეს ძრავი იმის გამო გამოიყენეს, რომ ასე ის უფრო მსუბუქია და იაფიც ღირს. როგორც ორი იაპონური კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, FT-86 შესანიშნავი მართვადობითა და დინამიურობით გამოირჩევა. ოღონდ, ჯერ კონკრეტული მონაცემები არ ქვეყნდება.

”ტოიოტა” ამ ახალი ავტომობილის გაყიდვების დაწყებას 2011 წლიდან გეგმავს. შესაძლოა, წარმოების დაწყებამდე, ამ ავტომობილის გარეგნობასა და აღჭურვილობაშიც რაღაც შეიცვალოს. თუმცა იაპონური კომპანიები პირობას დებენ, რომ წონის რადიკალურად გაზრდას არ დაუშვებენ.

მოსალოდნელია, რომ ”ტოიოტა FT-86-ის” ღირებულება 25 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

No comments:

Post a Comment