Tuesday, October 13, 2009

”ბეემვეს” უჩვეულო, სამბორბლიანი კონცეპცია
BMW’s Three-Wheeler Simple Concept
13 ოქტომბერიდაარქვით ამას დამთხვევა, ან რაც გენებოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ავტომწარმოებლებმა საზოგადოებას უჩვენა კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც ბევრი საერთო აქვს მოტოციკლებთან.პირველი ამგვარი კონცეპცია ”ნისანმა” წარმოადგინა ოთხბორბლიანი ”ლენდ გლაიდერ პროტოტაიპის” სახით, რომელსაც მოგვიანებით, ტოკიოს საავტომობილო შოუზეც წარადგენს. დღეს კი მსგავსი ქმნილება ”ბეემვემაც” გვიჩვენა. მისი შედევრის სახელი ერთი შეხედვით, მარტივია და ასეც ჰქვია - ”სიმპლ”, მაგრამ რეალურად, ეს აბრევიატურაა შემდეგისა: SIMPLE - სასტეინეიბლ ენდ ინოვეიტივ მობაილიტი პროდაქტ ფორ ლოუ ენერჯი კონსამპშნ, ანუ გადაადგილების გაწონასწორებული და ინოვაციური საშუალება, ენერგიის მცირე მოხმარებით.ბავარიული კომპანიის ინჟინრებმა ეს უცნაური კონცეპტუალური მოძრავი საშუალება ჯერ კიდევ 2005 წელს შექმნეს, მაგრამ ადრე არსად და არავისთვის უჩვენებიათ. მალე კი ”სიმპლი” ”ბეემვეს” მიუნხენურ მუზეუმში დაიდებს ბინას.
”სიმპლი” სამბორბლიანი და ორადგილიანი ავტომოტოციკლია, რომლის სიგანეც სულ რაღაც 1.10 მეტრს, წონა კი 450 კილოგრამს აღწევს. სალონში სავარძლები ერთმანეთის უკანაა განთავსებული, როგორც ”ფოლკსვაგენის” ულტრაეკონომიურ L1-ზე, რომელიც ვოლფსბურგულმა გიგანტმა ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე წარადგინა. მცირე ზომის მიუხედავად, ბავარიელები ირწმუნებიან, რომ ”სიმპლში” ისევე თავისუფლად მოთავსდებით, როგორც მე-5 სერიის ”ბეემვეში”. სამაგიეროდ, ავტომობილის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.18-ია!მართალია, ”სიმპლ-ი” სამ ბორბალზე დგას, მაგრამ გარედან ის ავტომობილის მსგავსი ძარითაა დაფარული, რომელიც მასში მსხდომთ არამარტო ავარიებისას, არამედ წვიმისა და ქარისგანაც დაიცავს. იმავდროულად, ის ისევე იმართება, როგორც მოტოციკლი. საჭეც კი მოტოციკლის მსგავსი აქვს, მძღოლს კი მოსახვევებში, მდგრადობის შესანარჩუნებლად, მოხვევის მხარეს წაწოლა უწევს.
”სიმპლის” მოძრაობას ჰიბრიდული სისტემა უზრუნველყოფს, რომელშიც ბენზინის 48-ცხენისძალიანი ძრავი და ელექტროძრავი შედის, რომელთა მეშვეობითაც, ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 10 წამს უნდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს.
”სიმპლის” საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე სულ რაღაც 2 ლიტრია, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში 50 მილიგრამ CO2-ს გამოჰყოფს.
მაგრამ ”სიმპლში” ყველაზე საინტერესო სტაბილიზაციის ჰიდრავლიკური სისტემაა, რომელიც მას წაქცევის საშუალებას არ აძლევს. ეს სისტემა მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, როდესაც მაგალითად, ავტომობილი ძალიან დაბალი სიჩქარით მოძრაობს და ამ დროს, არასტაბილური ხდება და მძღოლს მუდმივად მის დაბალანსებაზე უწევს გარჯა...

No comments:

Post a Comment