Sunday, October 11, 2009

”ფერარიზე” სწრაფი ”აუდი TT RS”

AVUS Performance

11 ოქტომბერი

გერმანულმა სატუნინგო კომპანია ”აფუს პერფორმენსმა” პოპულარულ კუპე ”აუდი TT RS-თვის” შეიმუშავა სატუნინგო პაკეტი, რომლის გამოყენების შემდეგაც, ამ ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები იმდენად უმჯოვესდება, რომ ის ”ფერარის” მოდელებს - F430-სა და ”612 სკალიეტისაც” კი სჯობნის, რომლებიც მოძრაობაში შესაბამისად, 490 და 540 ცხენისძალიან V8 ძრავებს მოჰყავს.

პაკეტი ძრავის და მისი გამოსაბოლქვი სისტემის მოდერნიზაციას ითვალისწინებს, რის შედეგადაც, თუ ”აფუსის” მიერ გამოქვეყნებულ რელიზს დავუჯერებთ, ”აუდი TT RS” ადგილიდან 100 კმ/სთ-ს აკრეფას 3.8 წამში ასწრებს, რაც სტანდარტული მოდელის აჩქარებაზე დაახლოებით 0.8 წამით ნაკლებია.

”აფუსის” მიერ შემუშავებუკ მოდერნიზაციის პაკეტში შედის ახალი ტურბოკომპრესორის და სპორტული გამოსაბოლქვი სისტემის დაყენება, ასევე ძრავის მართვის ელექტრონული ბლოკის სპორტულად დაპროგრამება. ამის შედეგი ისაა, რომ 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი აგრეგატის სიმძლავრე 340-დან 460 ცხენის ძალამდე, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 450-დან 639 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. ავტომობილის მაქსიმალურმა სიჩქარემ კი 312 კმ/სთ-ს (280-დან) მიაღწია.

ძრავის სრულყოფის გარდა, ”აფუსი” მყიდველს საკიდარის განახლებასაც სთავაზობს, რომელიც ახალი, რეგულირებადი ამორტიზატორებითაა აღჭურვილი. მოდერნიზებული ”აუდი TT RS” 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ”ჰენკუკის” წარმოების (255/30/20 ზომის) ”S1 ევო” საბურავებითაა შემოსილი. გარეგნულად კი ავტომობილს მისი საბაზო ვერსიისგან ფერიც გამოარჩევს - ”აფუსის” მოდელი შავი მქრქალი ფერითაა შეღებილი.

დაბოლოს ფასები: ავტომობილის გადაღებვა 1 999, ახალი ბორბლების (საბურავებითურთ) დაყენება კი 6 400 ევრო ჯდება. თუმცა ”აფუსი” ჯერ არ აცხადებს მთავარს - თუ რა დაუჯდება შემკვეთს ძრავის მოდერნიზება.

No comments:

Post a Comment