Thursday, December 10, 2009

”აუდი” მხოლოდ 1 000 ელექტრომობილ e-ტრონს დაამზადებს

Audi e-tron limited to 1000 sales

10 დეკემბერი

ბრიტანულ საავტომობილო გამოცემა ”აუტოქარის” ცნობით, ”აუდის” ფრანკფურტში ნაჩვენებ კონცეპტუალურ ელექტრომობილ e-ტრონის მცირე ტირაჟით წარმოება აქვს გადაწყვეტილი. გერმანული კომპანიის ექსტერიერების დიზაინის განყოფილების შეფი აკიმ ბედსტაბნერი აცხადებს, რომ ელექტრომობილის გაყიდვები 2012 წელს დაიწყება და მისი ფასი კუპე R8-საზე მაღალი იქნება.

ბედსტაბნერის თქმით, მის კომპანიას არ გაუჭირდება 1 000 ცალი ძვირადღირებული ელექტრომობილის გაყიდვა. მითუმეტეს, რომ მთელ მსოფლიოში მას დაახლოებით 5 000 სადილერო ცენტრი გააჩნია. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ სუპერ ავტომობილზე მოთხოვნა არ იქნა, ”აუდი” მის წარმოებას შეწყვეტს.

მაგრამ გერმანული კომპანიის მარკეტოლოგები იმედოვნებენ, რომ ასე არ მოხდება და არც იმას გამორიცხავენ, რომ მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, e-ტრონის წარმოება 1 000 ცალის გამოშვების შემდეგაც გაგრძელდეს. მათი თქმით, ამ ავტომობილს მეტწილად ის ადამიანები შეიძენენ, რომლებსაც შიდაწვისძრავიანი სპორტული ავტომობილი უკვე შეძენილი აქვთ და თავიანთი პარკის ელექტრომობილით შევსება მოუნდებათ. ასეთები კი, რა თქმა უნდა, მდიდრები არიან.

ცნობისათვის, ფრანკფურტში ნაჩვენები კონცეპტუალური ”აუდი e-ტრონი” კუპე R8-ს ბაზაზეა აწყობილი. ის ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც მხოლოდ თითო, ”თავთავიანთ” ბორბალს ემსახურებიან. მათი ჯამური სიმძლავრე 313 ცხენის ძალაა. ძრავებს ელექტროენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს. მათში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ e-ტრონმა 248 კილომეტრის გავლა შესძლოს. საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრულად დასამუხტად დაახლოებით 8 საათია საჭირო.

”აუდი e-ტრონს” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 4.8 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ია, რაც ელექტრომობილებისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ყოველ შემთხვევაში, როგორც მწარმოებელი ირწმუნება, ექსტრემალური მართვის მოყვარულებს ეს ავტომობილი არ მოაწყენს.

No comments:

Post a Comment