Thursday, December 10, 2009

უგზოობის ”ლექსუსს” ოქროთი მოაპირკეთებენ

10 დეკემბერი

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ”ლექსუსის” დილერმა, კომპანია ”ალ-ფუტაიმ მოტორსმა”, დუბაის მე-10 საერთაშორისო საავტომობილო გამოფნის დამთვალიერებლებს საინტერესო სეირი მოუმზადა - მათ თვალწინ, ფრანგულ კომპანია ”გოლდ ემოსიონის” ოთხი სპეციალისტი, ”ლექსუს LX 570-ს” ოქროს 40 000 ფირფიტით დაფარავს. რა თქმა უნდა, ოქრო უმაღლესი სინჯის იქნება, ეს აქცია კი ”ტოიოტას” ლუქსის მწარმოებელი ბრენდის დაარსებიდან 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

”ალ-ფუტაიმ მოტორსის” გაყიდვების საქმეთა დირექტორი ჰიუ დიკერსონი ამბობს, რომ ემირატებში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ავტომობილების უნიკალურ დიზაინერულ გადაწყვეტებზე და რომ ამ ტენდენციის უყურადღებოდ დატოვება დიდი ფულის განიავების ტოლფასი იქნებოდა. მისი აზრით, მოოქროვილ ”ლექსუსზე” დუბაიში სოლიდური მოთხოვნაა მოსალოდნელი.

დიკერსონის თქმით, ავტომობილის ძარის ოქროს ფენით დაფარვის შემდეგ, მისი ზედაპირი ლაქით დაიფარება, რის შემდეგაც, შესაძლებელი იქნება მისი საერთო სარგებლობის გზებზე გამოყენება. მოოქროვილძარიანი ”ლექსუს LX 570” გამოფენაზე მის დასრულებამდე დარჩება, მერე კი მისი ყიდვა იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ფასს, ამის შესახებ დიკერსონი დუმილს ამჯობინებს.

სხვათა შორის, თავის დროზე, მოოქროვილი ”მაიბახით” თვით ერაყის ყოფილი დიქტატორი, სადამ ჰუსეინი სარგებლობდა. ოთხი წლის წინ კი, გერმანულმა საიუველირო კომპანია ”ვიზუალისმა” ”პორშეს” ცხრა ავტომობილის ზედაპირი მოჭედა ოქროთი.

No comments:

Post a Comment