Tuesday, December 29, 2009

მარხილები სანტა კლაუსისთვის

29 დეკემბერი

Sleighs for Santa

ახალ წელს ყველა განსაკუთრებულად მომზადებული ხვდება - ნაძვის ხე, ტკბილეული, ზეიმები და საჩუქრები ის ატრიბუტიკაა, რომელთა გარეშეც ახალი წლის დადგომა წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ახალი წელი თოვლის ბაბუის, სანტა კლაუსის გარეშე არ არსებობს. ის ხომ ბავშვებს და არამხოლოდ ბავშვებს, საჩუქრებით ახარებს. თავად მისთვის საჩუქრის მირთმევაზე კი არავინ ზრუნავს.

უფრო სწორედ, ადრე არავინ ზრუნავდა. თუმცა ამ ნაკლის გამოსწორება შარშან ინგლისურმა საავტომობილო ჟურნალმა ”ქარ-მა” სცადა, რომელმაც საავტომობილო კომპანიებს სანტასთვის მისი ტრადიციული სატრანსპორტო საშუალების - მარხილის თანამედროვე ვარიანტების ესკიზების შედგენა სთხოვა და ამ თემაზე ერთგვარი საჟურნალო ფესტივალიც ჩაატარა.

და, თქვენ წარმოიდგინეთ, წამოწყება იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ ”ქარ-ის” რედაქციამ ის წელსაც გაიმეორა. ისევე როგორც შარშან, მასში მონაწილეობა კვლავ დიდი ავტომწარმოებლების დიზაინერებმა მიიღეს, იმ ხალხმა, რომლებიც მსოფლიოში ცნობილ ავტომობილებს აპროექტებენ. აბა, ხუმრობა ხომ არ არის - მათი ნამუშევარი პატარების საყვარელ ადამიანს უნდა მოეწონოს.

შარშანდელის მსგავსად, დიზაინერებმა კვლავ მეტად ორიგინალური ნამუშევრები წარმოადგინეს, რომლებშიც მათი კომპანიების საფირმო სტილების გავლენა აშკარად იგრძნობა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო - მართალია, სანტას მარხილების ფესტივალი უბრალო გასართობი, სავარჯიშოა, მაგრამ საბოლოო პროდუქტი მაინც ამათუიმ მწარმოებლის სახე უნდა ყოფილიყო. და ასეცაა, ყველა ნამუშევარში, მათი შემქმნელი კომპანიების კორპორატიული სტილი შეინიშნება.

აი, ნახეთ ”ასტონ მარტინის” მარხილი. მანქანისგან განსხვავებით, მას ბორბლები არ აქვს, მაგრამ ის ხომ მარხილია. სამაგიეროდ, დახვეწილი აეროდინამიკით გამოირჩევა და სავარაუდოდ, მისთვის 320 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

”ქარ-ის” მიმომხილველებმა, ამ მარხილის უკანა ნაწილის სტილი პოპულარულ მოდელ ”ვენტიჯისას” და ”ასტონ მარტინის” ისტორიაში ყველაზე სწრაფი და ძვირადღირებული ”ვან-77-ისას” შეადარეს. რა თქმა უნდა, მსგავსება ძალიან შორეულია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ გეიდონელთა მარხილი ძალიან ორიგინალური გამოვიდა.

ამ მარხილში ყველაზე საინტერესო მაინც მისი წინა ნაწილია. უფრო ზუსტად, ის ფრთების მსგავსი წარმონაქმნი, რომლებითაც მარხილმა უნდა ისრიალოს. ისინი აეროდინამიკური ელემენტების მოვალეობასაც შეასრულებენ. მათი მეშვეობით, შემხვედრი ჰაერის ნაკადმა სასურველი მიმართულება უნდა მიიღოს და დამშვიდებული ჭავლის სახით, მას გარს შემოუაროს.

მოკლედ, ლაპლანდიაში ასეთი მარხილი აუცილებლად მოეწონებათ...

თუ ”ასტონ მარტინმა” მომავლის მარხილი შექმნა, ”აუდის” დიზაინერებმა, ენცო როთფუსის ხელმძღვანელობით, უფრო პრაგმატული გზა აირჩიეს და სანტასთვის ისეთი მარხილი, უფრო ავტომობილი დახატეს, რომლის მსგავსიც მალე ”ოთხი რგოლის” შოურუმებში გამოჩნდება. ინგოლშტადტელებს ბევრი არც უფიქრიათ და მარხილის ნაცვლად, სანტას ჩვეულებრივი ავტომობილი შესთავაზეს. ესაა ამ კომპანიის სამოდელო გამის ყველაზე პატარა მოდელი A1.

სურათზე რომ ”აუდი A1-ს” ხედავთ, იმასაც შეამჩნევდით, რომ სანტას ის მოუსრიალდა. მაგრამ მანქანა თავისი მძღოლის ნებას მაინც ემორჩილება და ალბათ მალე გასწორდება. სავარაუდოდ, ეს ავტომობილი კვატრო (სრულამძრავიანი, მაბრუნი მომენტის 60:40-ზე განაწილებით) ტრანსმისიით უნდა იყოს აღჭურვილი. თუმცა აშკარაა, ტრადიციული მარხილი თოვლში უფრო უკეთ ივლიდა...

დააკვირდით, ჩვეულებრივი მარხილი სანტას ამ მანქანის თავზე შემოუდვია, ირემი კი წინა სავარძელზე, მის გვერდით მოკალათებულა. მან პენსია აშკარად დაიმსახურა და ამიერიდან, ბავშვებს სანტასთან ერთად გაახარებს.

იქნებ, სანტა ამ მანქანით რალის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპზეც ვიხილოთ...

”იაგუარმა” კი სანტას მფრინავი მარხილი შესთავაზა. ალბათ, ამჯერად ბაზისად ძველი სამხედრო თვითმფრინავი გამოიყენეს - მის სტილში, ეს სატრანსპორტო მფრინავი საშუალებაც მოძრაობაში ტურბოხრახნს (პროპელერს) მოჰყავს. ამ ესკიზის ავტორი ხელოვნების სამეფო კოლეჯის კურსდამთავრებული, 25 წლის თომას სმიტია, რომელიც ”დიდი კატის” ავტომობილების ექსტერიერის დიზაინერია, კომპანიაში მუშაობა კი გასულ ზაფხულს დაიწყო.

ისე, მწარმოებლის კორპორატიული სტილი ყველაზე ნაკლებად ამ ნამუშევარში შეინიშნება, თუმცა ეს ალბათ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე, ”იაგუარი” ახალი სტილის ძიებაშია და ვინ იცის, ადრე თუ გვიან, ამ სავარჯიშოს დროს გამოყენებული ზოგიერთი იდეა, იქნებ მალე რეალური კონცეპტუალური ავტომობილების გარეგნობაშიც გამოჩნდეს...

”ლენდ როვერმა” კი, როგორც ამ კომპანიას შეეფერება, ისევ სრულამძრავიანი სატრანსპორტო საშუალება შექმნა. პროექტი ”ლენდ როვერის” პერსპექტიული დიზაინის განყოფილების შეფ ოლივერ ლე გრაისის ხელმძღვანელობით, ფლორიან დოუბმა შეიმუშავა.

”მარხილს” სიგარას ფორმა აქვს და ორადგილიანია. უკანა ადგილზე თავად სანტა მოთავსებულა, წინ კი ირემი ზის, რომელიც ”ლენდ როვერმაც” დამსახურებული პენსიით უზრუნველყო. პროექტის თანმდევი რელიზი გვამცნობს, რომ ავტომობილი ასევე აღჭურვილია საჩუქრის ადგილამდე მიტანის ლაზერული სისტემით - აქ აშკარად სამხედრო ტექნოლოგიაა გამოყენებულ. ოღონდ, ამჯერად საჩუქარს მიზნამდე საბრძოლო რაკეტა კი არა, საჩუქარი მიაქვს.

სხვა კონკურსანტებისგან განსხვავებით, ”ლენდ როვერმა” თავის პროექტს ტექნიკური სპეციფიკაციაც მოაყოლა. მასში აღნიშნულია, რომ მარხილს ცვალებადი სიმაღლის საკიდარი აქვს. ამგვარად, კომპანია თავის სისტემა ”ტერაინ რესპონსს” უკეთებს რეკლამას. ყველაზე საინტერესო კი მარხილის ძალური დანადგარია. ესაა დამუხტული ნაწილაკების ამაჩქარებელი. ეს აშკარად კოსმოსური ინდუსტრიის მომავლის აგრეგატია და ბუნებრივია, რომც არ გაგვაფრთხილონ, ისედაც მივხვდებით, რომ ასეთ აგრეგატს ”ლენდ როვერის” ავტომობილებზე არ უნდა ველოდოთ. ჯერჯერობით მაინც...

დაბოლოს ”ვოქსჰოლის” – ”ოპელის” ინგლისელი ნათესავის პროექტი. ეს ყველაზე მეტად ჰგავს მარხილს და იმავდროულად, ავტომობილის (უახლესი ასტრას და ამპერას) ძარასაც. კონცეპტუალური ”ამპერას” მსგავსად, მარხილიც ჰიბრიდულ სისტემა E-REV-ით (ელექტრომობილი სვლის გაზრდილი მარაგით) არის აღჭურვილი. ეს სისტემა იმით გამოირჩევა, რომ მასში ძირითად მამოძრავებელ მომენტს ელექტროძრავი გამოიმუშავებს და თუ სანტას ვოიაჟისას, აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია ამოიწურა, საქმეში შიდაწვის მცირელიტრაჟიანი ძრავი და მასთან დაკავშირებული ელექტროგენერატორი ჩაერთვება, რომლებიც აკუმულატორების ბლოკს დამუხტავენ. ამ ტექნოლოგიას ”ჯენერალ მოტორსი” პირველად ”შევროლე ვოლტზე” გამოიყენებს, შემდეგ კი ”ოპელ/ვოქსჰოლ ამპერას” ჯერიც დადგება...

No comments:

Post a Comment