Friday, December 4, 2009

”ალფა რომეოს” ახალი ”ჯულიეტა”
Alfa Romeo Giulietta
4 დეკემბერი”ალფა რომეოს” თავისი პოპულარული ჰეჩბეკის, 147-ის შემცვლელი, რომელიც აქამდე ”მილანოს” სახელით იყო ცნობილი, წარმოებისთვის კარგა ხნის მომზადებული აქვს მაგრამ მის მსოფლიო პრემიერას მაინც მერმის, ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე გეგმავს. თუმცა უკვე ცნობილი გახდა, რომ ავტომობილს მყიდველი ”ჯულიეტას” სახელით მიიღებს.
ავტომობილის შემუშავების საწყის ეტაპზე, მისთვის სახელად 148 შეარჩიეს, შემდეგ კი ის ”მილანოთი” შეცვალეს, თუმცა მარკეტოლოგთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე უმჯობესი მაინც ”ჯულიეტა” იქნებოდა.
ხუთკარიანი ჰეჩბეკი კომპაქტურ, ეგრეთ წოდებულ ”გოლფის” კლასს (ევროპულ C სეგმენტს) განეკუთვნება. მისი სიგრძე 4.35 მეტრი, სიგანე 1.8 მეტრი, სიმაღლე კი 1.46 მეტრია.
ახალი ავტომობილი აღჭურვაში ოთხ ტურბოძრავს მიიღებს. აქედან ორი ბენზინისაა, ორიც - დიზელის. შესაბამისად, პირველი ორის მაქსიმალური სიმძლავრე 120 და 170 ცხენის ძალა, დიზელებისა კი 105 და170 ცხენის ძალაა. მოგვიანებით, მილანელები ”ჯულიეტას” მძლავრ ვერსიას გამოუშვებენ, რომლის სახელწოდებაც ”კვადრიფოლიო ვერდე” იქნება და ის ბენზინის 235-ცხენისძალიანი ტურბომოტორით აღიჭურვება.
ახალი ”ჯულიეტა” სპორტულად გამოიყურება. მის ამოცნობას კი ”ალფა რომეოს” ემბლემა - ფარის ფორმის რადიატორის ბადე აადვილებს, რომელსაც ზედა ნაწილში ქალაქ მილანის გერბი ამშვენებს. რადიატორის ბადე-სამკუთხედი ჰაერის ამღებს შუაზე ჰყოფს. დაკიდევ, უკანა კარის სახელური, ”ალფა რომეოს” სტილში, მესამე საყრდენის სტრუქტურაშია ჩამალული და ასე შემხვედრი ჰაერის ნაკადს ”შეშფოთების” საბაბს არ აძლევს.
დიფერენციალს ელექტრონიკა მართავს. ავტომობილზე არაერთი ელექტრონული დამხმარე და კომფორტის უზრუნველმყოფი სისტემაა დაყენებული. მათი მეშვეობით, ”ჯულიეტას” მართვის რამდენიმე განსხვავებულ სტილთან მისადაგება შეუძლია.
სავარაუდოდ, ევროპის ბაზარზე ”ალფა რომეო ჯულიეტას” მთავარი კონკურენტები ”ფოლკსვაგენ გოლფი”, ”ფორდ ფოკუსი” და უახლესი ”ოპელ ასტრა” იქნებიან.

No comments:

Post a Comment