Wednesday, December 9, 2009

”ალფა რომეო P2” - ვიტორიო იანოს პირველი შედევრი

Alfa Romeo P2

7 დეკემბერი

”ალფა რომეოს” სახელოვანი სარბოლი წარსული აქვს. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ფორმულა 1-ის პირველმა მსოფლიო ჩემპიონმა, იტალიელმა ჯუზეპე ”ნინო” ფარინამ თავისი ტიტული სწორედ მილანური კომპანიის ბოლიდით მოიპოვა, ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონატის საბოლოო შედეგებით კი, პირველი სამი ადგილი ”ალფა რომეოს” პილოტებმა, სამმა ”ფ-მ” - ფარინამ, ლეგენდარულმა არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ და იტალიელმა ლუიჯი ფაჯოლიმ დაიკავეს.

მაგრამ სპორტულ არენაზე ”ალფას” დებიუტი ასეთივე წარმატებული არ ყოფილა. მილანელთა პირველმა სარბოლმა ავტომობილმა (P1), რომელიც დიდი პრიზების კლასიფიკაციას შეესაბამებოდა, სრული კრახი განიცადა. არადა, ფაქტობრივად, ის იმ დროის მეტად წარმატებული ”ფიატის” ექვსცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი მოდელის ზუსტი ასლი იყო.

სადებიუტო რბოლაშივე, რომელიც 1923 წელს მონცაზე, ევროპის დიდი პრიზის სახელით ჩატარდა, ვარჯიშის დროს, ”ალფას” ერთ-ერთ პილოტს ფატალური ავარია მოუვიდა. ისე კი, მილანური მანქანები ყველა მეტოქეს კარგა მანძილზე ჩამორჩებოდნენ. დაღუპული თანაგუმდელის პატივსაცემად, გუნდი რბოლაზე აღარც გამოსულა.

ამ კრახის მიუხედავად, ნიკოლა რომეოს დანებება არც უფიქრია. მან ახალგაზრდა ენცო ფერარი ტურინს მიავლინა სადაც მას ”ფიატის” მთავარ ინჟინერთან, ლეგენდარულ ვიტორიო იანისთან უნდა გაემართა მოლაპარაკება. ფერარის არ გასჭირვებია იანოს გადაბირება და ნიჭიერი ინჟინერიც მალე ”ალფა რომეოში” გადაბარგდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ რიგში, იანოს სასწრაფოდ უნდა შეექმნა უვარგისი P1-ის შემცვლლი. მან იმით დაიწყო, რასაც ”ფიატში” აკეთებდა - თავისი ახალი კომპანიისთვის რვაცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ძრავის შექმნას შეუდგა. იანომ ის შეცდომები გაითვალისწინა, რომლებიც წინა სეზონში იქნა დაშვებული და საკუთარ კონსტრუქციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. თუ ადრე ის რვაცილინდრიანი ძრავის შესაქმნელად ორ ოთხცილინდრიან ბლოკს იყენებდა, ამჯერად მან ოთხი ორცილინდრიანი ბლოკის გამოყენება ამჯობინა. წინასწარი გათვლებით, ასეთი ძრავი უფრო გამძლე უნდა გამოსულიყო.

ცილინდრების თავებში ორ-ორი სარქველი თავსდებოდა, რომელთა მუშაობასაც თითო, ძრავის ზედა ნაწილში მოთავსებული გამანაწილებელი ლილვი ემსახურებოდა. ამასთან, ახალ ძრავში იანომ გამანაწილებელი ლილვი სარქველებთან ეგრეთ წოდებული დეზებით დააკავშირა, როგორც ამას უფრო ადრე ”პეჟო” აკეთებდა. გარდა ამისა, ახალი ძრავისთვის ”ალფამ” მექანიკური დამჭირხნიც შეიმუშავა, რომლის დახმარებითაც, ძრავის სიმძლავრემ 134 ცხენის ძალას (5 500 ბრ/წთ-ზე) მიაღწია.

ახალი ძრავისა და 4-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფის ტანდემი იანომ დაპრესილი ფოლადისგან შექმნილ ჩარჩოზე დაამონტაჟა. მძლავრი ღერძით, ნახევრად ელიფსური რესორებით და ფრიქციული ამორტიზატორებით, ახალი სარბოლი ავტომობილის წინა ნაწილი იმ დროის სარბოლი ტექნიკის შესაფერისად გამოიყურბოდა.

უკანა ნაწილში, მზიდი ჩარჩო იქ მთავრდებოდა, სადაც მოძრავი ღერძი გადიოდა. აქ ჩარჩოს დიდი თაღოვანი კონსტრუქცია ენაცვლებოდა, რისი მეშვეობითაც, ავტომობილის სიმაღლის შემცირება გახდა შესაძლებელი. კიდევ უფრო უცნაური კი იყო, რომ იანომ უკანა რესორები ავტომობილის ტანის სიგნით შეიტანა.

მგორავი შასი მარტივი ფორმის ძარით დაფარეს, რომელსაც წინ უზარმაზარი რადიატორი ”ამშვენებდა”, უკან კი წაწვეტებული იყო, რითაც წვეთის ფორმის ეფექტი იქმნებოდა.

მუქ შინდისფრად შეღებილ მანქანებს კაპოტზე ოთხფოთლიანი სამყურა ბალახის ტოტი დაახატეს, რაც ”ალფა რომეოს” სპორტული მანქანების ემბლემად იქცა და მას მილანელები დღესაც კი იყენებენ.

ავტომობილი, რომელსაც P2 უწოდეს, სრული გასაიდუმლოებულობის პირობებში იქმნებოდა. მისი დებიუტი 1924 წლის გაზაფხულზე, კრემონას შემოგარენში ჩატარებულ 200-მილიან (დაახლოებით 320-კილომეტრიან) რბოლაზე შედგა. რბოლა იტალიელმა ანტონიო ასკარიმ (ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონის, ალბერტო ასკარის მამამ) მოიგო და ”ალფა რომეო P2-ს” პირველი გამარჯვება მოუპოვა. მისი მანქანის საშუალო სიჩქარემ 100 მლ/სთ-ს (დაახლოებით 161 კმ/სთ) მაიღწია, რაც იმ დროს შესანიშნავი შედეგი იყო.

მომდევნო რბოლას, ასერბოს თასს ”ალფა რომეოს” ჯუზეპე კამპარი ლიდერობდა, მაგრამ საბურავი გაუსკდა და მიზანს ვერ მიაღწია. მილანელთა მომდევნო რბოლა იმ დროის უპოპულარულესი ფრანგული დიდი პრიზი იყო, რომელსაც 1924 წელს ლიონის საგარეუბნო გზებმა უმასპინძლა. დისტანცია 810 კილომეტრი იყო, ”ალფას” კი ისეთ სერიოზულ მეტოქეებთან ჰქონდა საქმე, როგორებიც იყვნენ ”დელაჟი”, ”სანბიმი”, ”ფიატი” და ”ბუგატი”.

მილანური საჯინიბოს ორმა პილოტმა - ასკარიმ და კამპარიმ თავიდანვე ხელთ იგდეს ლიდერობა და ყველა მტოქე შორს ჩამოიტოვეს. ასკარი თითქმის ბოლომდე ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ მისი მანქანის ძრავს ბლოკი გაებზარა და მან ფინიშამდე ვერც მიაღწია. სამაგიეროდ, ეს მის ნაცვლად კამპარიმ გააკეთა, რომელმაც ”ალფა რომეოს” პირველი დიდი რბოლა მოაგებინა.

შემდეგი რბოლა მონცაზე იყო. მილანელებს წინა წლის კრახისთვის რევანში სწყუროდათ და რბოლაში ოთხი მანქანა გამოიყვანეს. თითქოს, მათი მთავარი მეტოქე ”მერსედეს-ბენცის” უახლესი სარბოლი მანქანა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მილანელებმა ფინიშის ხაზი ოთხივე მანქანით ყველაზე ადრე გადაკვეთეს და მოწინავე ოთხი ადგიი დაიკავეს. ფინიშის ხაზი კი პირველმა ასკარიმ გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ მეხუთეზე გასულმა როლან-პილენ შმიდმა ასკარისთან ზუსტად ერთი საათი წააგო!

ზამთარში იანომ ძრავს მოდერნიზაცია ჩაუტარა და მის ბედაურთა რემას კიდევ 20 ცხენის დაუმატა. 1925 წელს ”ალფა რომეო” მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე სეზონში ჩაერთო. ჩემპიონატში სულ ოთხი ეტაპი - ინდი 500, ევროპის, საფრანგეთის და იტალიის დიდი პრიზები შედიოდა. საბოლოო ჩათვლაში მხოლოდ ოთხი ეტაპის შედეგები შედიოდა, რის გამოც, მილანელებმა ამერიკაში ასპარეზობისგან თავის შეკავება ამჯობინეს.

პირველი რბოლა - ევროპის დიდი პრიზი სპა ფრანკორშანზე ჩატარდა. ”ალფა რომეო” სამი მანქანით გამოვიდა, რომელთაგან ორს ასკარი და კამპარი მართავდნენ, მესამეს კი - გასტონე ბრილი-პერი. ასკარიმ რბოლისას ყველაზე სწრაფი წრე განვლო და ფინიშთანაც პირველი მიიჭრა. სამწუხაროდ, საფრანგეთის დიდ პრიზზე, რომელიც მონტლერიში ჩატარდა, ასკარის ფატალური ავარია მოუვიდა. ნიკოლა რომეომ ამის გამო დარჩენილი ორი მანქანა რბოლიდან მოხსნა. იოლი გამარჯვება კი ”დელაჟის” მანქანას დარჩა. მონცაზე კი გუნდი ისევ სამი მანქანით წარსდგა. ასკარის ადგილი იტალიური წარმოშობის ამერიკელმა პეტე დეპაოლომ დაიკავა, რომელსაც ”დუეზენბერგის” მანქანით ინდი 500 ჰქონდა მოგებული. შეუდარებლად იასპარეზა ბრილი-პერიმ, რომელმაც მეორეზე გასული კამპარი 20 წუთით ჩამოიტოვა. კიდევ ათი წუთის შემდეგ, ფინიშს მესამეზე გასულმა ”ბუგატიმ” უწია. მსოფლიო ჩემპიონატი ”ალფა რომეოს” გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ”დუეზენბერგს” აჯობა. ამ გამარჯვების აღსანიშნავად, ”ალფა რომეოს” ემბლემაში სამუდამოდ დარჩა მსოფლიო ჩემპიონის გვირგვინი.

”ალფა რომეო P2-ით” ბოლო გამარჯვება ლეგენდარულმა იტალიელმა აქილე ვარციმ 1930 წელს, ტარგა ფლორიოს (სიცილია) რბოლაზე მოიპოვა, რის შემდეგაც P2 ისტორიას ჩაბარდა. მაგრამ ვიტორიო იანომ ამის შემდეგაც არაერთი სახელოვანი მანქანა შექმნა, რომლებმაც მასაც და მილანურ კომპანიასაც დიდი სახელი მოუხვეჭეს. ფორმულა ერთის პირველი ორი ჩემპიონატის მომგები მანქანებიც მისი შექმნილი იყო.

სულ ”ალფა რომეომ” ექვსი ცალი P2 დაამზადა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ ორია შემორჩენილი. ერთის ხილვა ”ალფა რომეოს” მუზეუმში შეიძლება, მეორე გადარჩენილი P2 კ ისაა, რომლითაც ვარციმ ტარგა ფლორიოზე გაიმარჯვა. ამ მანქანის ხილვა ტურინის ”ბისკარეტის” მუზეუმშია შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment