Friday, December 18, 2009

”რინსპიდი” საქალაქო ელექტრომობილს ამზადებს

Rinspeed UC? Concept to Debut in Geneva

18 დეკემბერი

შვეიცარული სადიზაინერო ატელიე ”რინსპიდი”, რომელიც ”პორშეს” ავტომობილების სრულყოფითა და ორიგინალური კონცეპტუალური ავტომობილების დამზადებითაა ცნობილი, ჟენევის საავტომობილო შოუსთვის მორიგ ექსპერიმენტულ ავტომობილს ამზადებს.

ავტომობილს, ისევე როგორც ელექტრომობილების უმეტესობას უცნაური სახელი აქვს - UC?. რას შეიძლება, ეს აბრევიატურა აღნიშნავდეს? ალბათ ”ურბან ქარს”, ანუ ქალაქის ავტომობილს. მაგრამ მაშინ კითხვის ნიშანი რაღა შუაშია. ან იქნებ, UC? ამერიკულ სტილში, ”იუ სი?”-ს, ანუ ”გინახავთ?” ნიშნავს. ასეა თუ ისე, ”რინსპიდი” ამ უცნაური აბრევიატურის შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობს. თავის დროზე ალბათ იტყვის.

UC? ისეთივე მოკლეა, როგორც მისი სახელი - სიგრძით სულ რაღაც 2.50 მეტრია. ესე იგი, ”სმარტზე” პატარაა. ელექტრომობილს ორი ადამიანის გადაყვანა შეუძლია, მისი სვლის სიშორე კი 120 კილომეტრს აღწევს. ვისაც ეს ეცოტავება და შორი მოგზაურობა სურს, ”რინსპიდი” სპეციალური სარკინიგზო ვაგონების გამოყენებას სთავაზობს, რომლებზე მგზავრობის დროსაც, UC? თავისი აკუმულატორების დამუხტვასაც შეძლებს.

შვეიცარული კომპანია არ გვიმხელს, თუ რა დროა საჭირო აკუმულატორების სრულად დასამუხტად. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ პარკირების მოედანზე, სადაც ენერგიის შევსებაცაა შესაძლებელი, ადგილის დაჯავშნა წინასწარ, ინტერნეტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

”რინსპიდის” შეფი ფრანკ რინდერკნეხტი ამბობს, რომ მის ”კომპანიას ერთგვარი საზოგადოების ჩამოყალიბება სურს, რომლისთვისაც მობილურბას სულ სხვა დატვირთვა ექნება”.

UC?-ს საჭის რგოლი არ აქვს, მისი მართვა კი მანქანის სალონში მდებარე ცენტრალურ გვირაბზე მოთავსებული ჯოისტიკით შეიძლება. ”რინსპიდის” განცხადებით, მისი ჯუჯა ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ-ს მიაღწევს.

ატელიეს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ”რინსპიდის” სხვა კონცეპტუალური მოდელებისგან განსხვავებით, UC?-ს კონვეიერზე მოხვედრის სოლიდური შანსი ექნება. ამასთან, რინდერკნეხტის თქმით, ამ კონცეპციის მიხედვით ავტომობილების წარმოების უფლების ყიდვის საშუალება ნებისმიერ კომპანიას მიეცემა.

No comments:

Post a Comment