Friday, December 18, 2009

”ბეემვე” დეტროიტში ელექტრულ ერთიანს წარადგენს

BMW Reveals All-Electric 1-Series Coupe

18 დეკემბერი

დეტროიტის საავტომობილო შოუზე, რომელიც იანვარში გაიმართება, ”ბეემვე” თავისი 1-ლი სერიის კუპეს ბაზაზე შექმნილ კონცეპტუალურ ელექტრომობილს გამოფენს. ამ ავტომობილის შექმნისას, ბავარიელებმა ის ტექნოლოგიები გამოიყენეს, რომლებიც პირველად ”მინის” ელექტრულ ვერსიაზე გამოსცადეს. ოღონდ, ამჯერად ავტომობილს, ისევე როგორც მის საბაზო ვერსიას, წამყვანი უკანა ბორბლები აქვს.

ბავარიელთა ექსპონატის სახელია ”ბეემვე 1-ლი სერიის აქტივE”. მისი მთავარი აგრეგატი ელექტროძრავია, რომელიც 170 ცხენის ძალასა და 250 ნიუტონმეტრს ავითარებს. აგრეგატი ბორბლებს შორის ბაზაშია მოთავსებული და ის ლითიუმ-იონური აკუმულატორების ორი ბლოკისგან იკვებება. ამ ორი ბლოკიდან, ერთი იმ ადგილზეა მოთავსებული, რომელიც ჩვეულებრივ ავტომობილში საწვავის ავზს უკავია, მეორეს კი შიდაწვის ძრავის ადგილი უკავია.

აკუმულატორები საყოფაცხოვრებო ქსელიდან იკვებება და მათი სრული დამუხტვისთვის სულ 4.5 საათია საჭირო. მათში დაგროვილი ენერგიით, ელექტრომობილს 160 კილომეტრის გავლა შეუძლია, მისი ძრავის სიმძლავრე კი საკმარისია იმისათვის, რომ 1 800-კილოგრამიანმა ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 9 წამზე ნაკლებში აკრიფოს.

ავტომობილი აღჭურვილია გენერატორით, რომელსაც დამუხრუჭებისას გამოყოფილი ენერგიის დაგროვება შეუძლია. ეს კი მისი სვლის სიშორეს აუმჯობესებს. ძარა სპეციალური აეროდინამიკური პაკეტითაა აღჭურვილი, რაც ჰაერის წინააღმდეგობას ამცირებს. ენერგიის ეკონომიას შემცირებული წინააღმდეგობის მქონე საბურავებიც უწყობს ხელს.

სავარაუდოდ, ”ბეემვე” 1-ლი სერიის მოდელის ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილის მცირესერიულ წარმოებას მერმისვე შეუდგება და მათ სხვადასხვა კომპანიებს ლიზინგით გადასცემს. ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის იგეგმება ამ ელექტრომობილის კონვეიერზე დაყენება.

No comments:

Post a Comment