”ძაგატომ” კერძო შეკვეთით მორიგი შედევრი დაამზადა
Zagato's One-Off Alfa Romeo TZ3 Corsa
26 აპრილი
ჩრდილოეთ იტალიაში, ტბა კომოს მახლობლად, ტრადიციული კონკურსი ”კონკორსო დ’ელეგანსა ვილა დ’ესტე” ჩატარდა, რომელზეც სადიზაინერო ატელიე ”ძაგატომ” თავისი მორიგი შედევრი - კერძო შეკვეთით დამზადებული ”TZ3 კორსა” წარადგინა. ეს ავტომობილი ”ალფა რომეოს” გერმანელ კოლექციონერ მარტინ კაპის შეკვეთით, ”ალფა რომეოსა” და ”ძაგატოს” თანამშრომლობის დაწყებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით დამზადდა.
სპორტული ავტომობილის სრული სახელწოდებაა ”ალფა რომეო ძაგატო TZ3 კორსა”. ის ორადგილიანია. ძრავი მის ბაზაშია მოთავსებული, წამყვანი კი უკანა ბორბლებია. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4.345 მეტრი, სიგანე 1.944 მეტრი, სიმაღლე 1.200 მეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2.500 მეტრი.
ამ ავტომობილის შასის უმეტესი ნაწილი და ძარა კარბონის კომპოზიტისა და ალუმინისგანაა დამზადებული, რითაც ინჟინრებმა წონის შემცირებას მიაღწიეს - ”TZ3 კორსა” სულ რაღაც 850 კილოგრამს იწონის. ის 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ”პირელის” წარმოების საბურავებითაა შემოსილი.
”TZ3 კორსას” ბაზაში მოთავსებულია ბენზინის 4.2-ლიტრიანი V8 ძრავი, რომელიც 420 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი. ამ ტანდემის მეშვეობით, ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ზე მეტია.
No comments:
Post a Comment