All-New Hyundai i30 Wagon Unveiled Ahead of the Geneva Motor Show
23 თებერვალი
ბოლო ხანს, „ჰიუნდაი“ დიდ ავტოსალონებს პრემიერის გარეშე არ ხვდება. კორეულმა კომპანიამ ახლახანს, დეტროიტის ავტო შოუზე, სამი ახალი ავტომობილი (ელანტრას ორი და ველოსტერის ერთი ახალი ვერსია) გვიჩვენა და იქვე შეგვპირდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. და აი, გაგრძელებას ჟენევაში ვიხილავთ, სადაც „ჰიუნდაის“ სტენდზე ჰეჩბეკ i30-ის უნივერსალისძარიანი ვერსია დადგება.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, ახლახანს შედგა ჰეჩბეკ i30-ის დებიუტი, ოღონდ ის იქ „ელანტრა GT-ს“ სახელით გაიყიდება. ისიც გავიხსენოთ, რომ წინა თაობის უნივერსალი i30 ამერიკაში „ელანტრა ტურინგის“ სახელთ იყო ცნობილი.
ახალი უნივერსალი იმავე ძრავებით აღიჭურვება, ტომლებიც ხუთკარიან ჰეჩბეკ i30-დან ვიცით. იგივე იქნება ტრანსმისიებიც. სამაგიეროდ, უნივერსალი ჰეჩბეკთან შედარებით დაგრძელებულია, რამაც მის შემქმნელებს საბარგულის მოცულობის გაზრდის საშუალება მისცა. უფრო კონკრეტულად კი, უნივერსალი ჰეჩბეკზე 185 მილიმეტრით გრძელია და მისი სიგრძე 4485 მილიმეტრია. შესაბამისად, საბარგულის მოცულობა ჰეჩბეკის 378 ლიტრიდან 528 ლიტრამდე გაიზარდა. და თუ უკანა სავარძლებსაც დავკეცავთ, მაშინ საბარგულის მოცულობა 1642 ლიტრს მიაღწევს.
„ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ ხუთკარიანი ჰეჩბეკის მსგავსად, უნივერსალიც ევროპელი მომხმარებლების სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისადაა შექმნილი, რაზეც კორეული კომპანიის ევროპული შტოს კვლევისა და განვითარების ცენტრის (რიუსელსჰაიმი, გერმანია) სპეციალისტებმა იზრუნეს.
„ახალი თაობის i30 შეფასდა, როგორც დახვეწილი გარეგნობის, ხარისხიანი და მისაღები ფასის მქონე ავტომობილი. ეს თვისებები ჩვენს ახალ უნივერსალზეც გადავიდა და ამასთან, ის მნიშვნელოვნად გაზრდილი საბარგულითაც გამოირჩევა“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ მთავარი აღმასრულებელი ალან რუშფორტი.
კორეული კომპანია ჯერ არაფერს ამბობს იმაზე, ეს ავტომობილი სხვა ბაზრებზეც თუ გავა და თუ გავიდა, ეს როდის მოხდება.
No comments:
Post a Comment