Wednesday, February 24, 2010

ელექტრომობილ ”ნისან ლიფს” კონკურენტული ფასი ექნება

Nissan says all-electric Leaf will compete on price

22 თებერვალი

”ნისან მოტორის” მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი (სურათზე) აცხადებს, რომ მისი კომპანიის ელექტრომობილ ”ნისან ლიფს”, ანალოგიური კლასის ავტომობილების დონის ფასი ექნება და ამის მიუხედავად, მისი მეშვეობით, მოგებასაც მიიღებს.

”ნისან ლიფი” ხუთადგილიანი ჰეჩბეკია და მას ამძრავად ელექტრომოტორი ემსახურება. იაპონური კომპანიის განცხადებით, ავტომობილი აკუმულატორების სრულად დამუხტვის შემთხვევაში, მინიმუმ 160 კილომეტრის გავლას შეძლებს, მისი ფასი კი, შესაბამისი კლასის ავტომობილების ფასზე დაახლოებით 1-2 პროცენტით მეტი იქნება.

”ჯერჯერობით, ამ მანქანის ფასზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ სიურპრიზები არ იქნება. ვიცით, რომ ბაზარზე ყველაზე მეტი მნიშვნელობა ფასს აქვს და ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ ”ლიფის” შეძენა დიდ ხარჯებთან არ იყოს დაკავშირებული”, - ამბობს გონი, ვისაც ამ ელექტრომობილის სავარაუდო ფასი არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ მისი გაყიდვები აშშ-ში, იაპონიასა და ევროპაში ერთდროულად, ამ წლის ბოლოს დაიწყება.

”ნისანი” თავის მომავალს ელექტრომობილებს უკავშირებს და მისი მარკეტოლოგები ირწმუნებიან, რომ 2020 წელს, მსოფლიოს ბაზარზე გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 10 პროცენტი ელექტრომობილი იქნება. ამის გამო, იმისათვის, რომ ბაზრის ახალ სეგმენტზე ახლავე მოიკიდოს ფეხი და მის განვითარებასაც ხელი შეუწყოს, ”ნისანმა” ახლავე დაიჭირა თადარიგი და სხვადასხვა სახელმწიფოებთან და საკომუნიკაციო სფეროში მომუშავე კომპანიებთან, მრავალწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო.

პირველ რიგში, ამ კონტრაქტების მიზანი, ელექტრომობილებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურების მოწყობაა. ამისათვის შეიქმნება ავტომობილების დასამუხტი სადგურების ქსელი, სადაც ელექტრომობილების მფლობელებს, თავიანთი მანქანების ენერგიით გაწყობის, ან განმუხტული აკუმულატორების დამუხტულით სწრაფად შეცვლის საშუალება ექნებათ.

”ნისან ლიფისთვის” აკუმულატორების ბლოკებს იაპონური კომპანია NEC-ი დაამზადებს. წინასწარი მონაცემებით, ამ აკუმულატორების დამუხტვა, ჩვეულებრივი, 220-ვოლტიანი ელექტროქსელიდან იქნება შესაძლებელი. ამ ელექტრომობილის წარმოებას, ”ნისანი” ამერიკაში, შტატ ტენესიში აპირებს. ამისათვის, იაპონურმა კომპანიამ, აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტისგან, შეღავათიანი სესხის სახით, 1.6 მილიარდი დოლარი მიიღო. თუმცა, ამ ელექტრომობილის პირველი გასაყიდი ეგზემპლარები, ამერიკაში იაონიიდან შევა.

აღსანიშნავია, რომ ”ნისანმა” პრაქტიკულად უარი თქვა ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებაზე, რასაც ბევრი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებიდან, ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის შუალედურ საფეხურად მიიჩნევს. ამის მიზეზი ისაა, რომ ელექტრომობილების წარმოებას ახალი, მეტად ძვირადღირებული ტექნოლოგიების ათვისება სჭირდება, რაც საბოლოო პროდუქტს აძვირებს. ჰიბრიდული ტექნოლოგია კი შედარებით იაფი ჯდება და ავტომობილებსაც შედარებით მისაღები ფასი აქვს.

ჰიბრიდების ბაზარზე, დღეისათვის გამოკვეთილი ლიდერი იაპონური ”ტოიოტაა”, რომელიც მეტად პოპულარული ”პრიუსის” საბაზრო წარმატებებს არ სჯერდება და ამავე სახელით, ახალი ჰიბრიდების მთელი ”ოჯახის” წარმოებას გეგმავს. ამასთან, აცხადებს, რომ მალე თავის სამოდელო გამაში არსებული ყველა ავტომობილის ჰიბრიდულ ვერსიებსაც გამოუშვებს.

ოდნავ განსხვავებული გზა აქვს არჩეული ”ჯენერალ მოტორსს”, რომელიც აქცენტს ეგრეთ წოდებული გაზრდილი სვლის მქონე პლაგ-ინ ჰიბრიდების წარმოებაზე აკეთებს. ეს იგივე ელექტრომობილებია, რომლებსაც მარტო ელექტროძრავით, შედარებით მოკლე მანძილის გავლა შეუძლიათ, მაგრამ აკუმულატორების განმუხტვის შემდეგ, საქმეში მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავისა და მასთან დაკავშირებული გენერატორის ტანდემი ერთვება, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაც ელექტროძრავს (ან ელექტროძრავებს) მიეწოდება. ასეთი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი ”გენერლების” ორი ახალი ავტომობილი - ”შევროლე ვოლტი” და ”ოპელ ამპერა”.

გონი, რომელიც იმავდროულად, ”ნისანის” მფლობელი ფრანგული კომპანია ”რენოს” მთავარი აღმასრულებელიცაა, აცხადებს, რომ ელექტრომობილების წარმოების ხარჯების შემცირება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ორივე კომპანია, ერთიდაიგივე ტექნოლოგიით, მინიმუმ რვა ავტომობილის წარმოებას დაიწყებს.

”ჩვენ ამ ტექნოლოგიებს უკვე ვფლობთ და ახლა პირველი რიგის ამოცანა ისაა, რომ ის რაც შეიძლება მეტი ავტომობილის წარმოებისთვის გამოვიყენოთ. სწორედ ამიტომაა, რომ ”ნისანისა” და ”რენოსთვის” ახალ სიმძლავრეებს ვაშენებთ, რომელთა წლიური წარმადობა 500 000 ავტომობილი და ამდენივე აკუმულატორების ბლოკი იქნება. ამ საწარმოებს კი შეერთებულ შტატებში, ევროპასა და იაპონიაში ავაგებთ. საერთო ჯამში, მათში ”ნისანისა” და ”რენოს” ოთხ-ოთხ მოდელს გამოვუშვებთ”, - ამბობს გონი.

და მაინც, მთავარი ხერხი, რომლითაც ელექტრომობილების ფასის დაწევა იქნება შესაძლებელი, ძვირადღირებული აკუმულატორების ლიზინგია. ამ პრინციპით, ”ნისანის” ელექტრომობილების მყიდველი, ავტომობილს შეიძენს, აკუმულატორებს კი ლიზინგით მიიღებს და მის ფასს, აკუმულატორების დამუხტვისას გადასახდელ ფასთან ერთად, თანდათან დაფარავს.

გონი ირწმუნება, რომ ელექტრომობილების წარმოება, ”ნისანისთვის” მომგებიანი ბიზნესი იქნება. ასე რომ არ იყოს, მისი ორივე კომპანია, ამ წამოწყებაზე უარს იტყოდა. შედარებისთვის, ”ჯენერალ მოტორსში” აღიარებენ, რომ ”შევროლე ვოლტის” წარმოების პირველ ხანებში, ეს საქმე წამგებიანი იქნება, თუმცა ეს სიტუაცია, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიცვლება და ეს პლაგ-ინ ჰიბრიდი მოგების მოტანას დაიწყებს.

No comments:

Post a Comment