Wednesday, February 24, 2010

”აუდი A1” ჟენევამდე გაგვეცნო

Audi A1

24 თებერვალი

”აუდიმ” თავის ახალ კომპაქტურ ჰეჩბეკ A1-ის ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ავტომობილს, რომელიც იმავე პლატფორმაზეა აგებული, რომელზეც ”ფოლკსვაგენ პოლო” და ”შკოდა ფაბია”, პირველად საზოგადოება ჟენევის საავტომობილო შოუზე იხილავს.

”აუდი A1” თავის მთავარ კონკურენტ ”მინიზე” 30 სანტიმეტრით გრძელია. მისი სიგრძე 3.95 მეტრი, სიგანე 1.74 მეტრი, სიმაღლე 1.42 მეტრი, ბაზა კი 2.47 მეტრია (შედარებისთვის, ”მინის” ბაზა ოდნავ მოკლე, 2.468 მეტრია). საბარგულის მოცულობა 267 ლიტრს აღწევს და თუ უკანა სავარძლებს დავკეცავთ, ეს მაჩვენებელი 920 ლიტრამდე იზრდება.

”აუდი A1-სთვის” ბენზინსა და დიზელზე მომუშავე რამდენიმე ტურბოძრავია განკუთვნილი, თუმცა თავიდან გერმანული კომპანია მყიდველს ბენზინისა და დიზელის ორ-ორ ძრავს შესთავაზებს. საბაზო კი იქნება 1.2-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომლის სიმძლავრე 86 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 160 ნიუტონმეტრია. 5-საფეხურიან მექანიკურ კოლოფთან ერთად, ამ აგრეგატით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 12.1 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 179 კმ/სთ-ია.

უფრო მძლავრია 1.4-ლიტრიანი TFSI, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 122 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 200 ნიუტონმეტრს აღწევს. ამ ძრავს უწყვილდება ან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი (100 კმ/სთ-მდე აჩქარება 9.2 წმ), ან 7-საფეხურიანი სეკვენტალური S-ტრონიკი, რომლითაც ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 9.1 წამში მიიღწევა.

დიზელის ორივე ძრავი 1.6-ლიტრიანია და მათ ფორსირების სხვადასხვა ხარისხი აქვთ. ერთის სიმძლავრე 90 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 230 ნიუტონმეტრია, მეორისა კი - 105 ცხ.ძ და 250 ნმ. პირველ აგრეგატს 5-საფეხურიანი კოლოფი უკავშირდება და ამ ტანდემის მეშვეობით, A1 ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 12.2 წამში აღწევს, სამაგიეროდ, ყოველ 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს. მეორეს შემთხვევაში, სტანდარტულ აჩქარებას ის 10.8 წამს ანდმებს, ხარჯი კი 3.9 ლიტრია.

ჯერჯერობით, ”აუდი” თავის ახალ ჰეჩბეკზე სრულამძრავიანი ტრანსმისიის გამოყენებას არ აპირებს. სამაგიეროდ, A1 სტაბილიზაციის სისტემითაა აღჭუვილი. ამასთან მყიდველს ოპციის სახით, უამრავ აქსესუარს და ავტომობილის ინდივიდუალიზაციის საშუალებებს შესთავაზებენ.

No comments:

Post a Comment