Wednesday, February 24, 2010

”მერსედეს ბენცი” თავის ახალ სტილს ჟენევაში გვაჩვენებს

Mercedes-Benz F800 Style

24 თებერვალი

”მერსედეს ბენცი” თავისი კორპორატიული სტილის შეცვლას აპირებს და ამის პირველ ნიშანს, ჟენევის საავტომობილო შოუზე, კონცეპტუალური ”F800 სტაილის” სახით ვნახავთ. ამ ავტომობილით, შტუტგარტელები თავიანთი ახალი დიზაინის შემუშავებას იწყებენ, რომელსაც სავარაუდოდ (ამ ვარაუდის საბაბს ის ფაქტი იძლევა, რომ ბევრი პარამეტრით, ეს კონცეპცია ოთხკარიან კუპე CLS-ს მოგვაგონებს), პირველად ლუქსის კლასის ავტომობილებზე გამოიყენებს.

”F800 სტაილი” სრულიად ახალ, უკანა წამყვანბორბლიან პლატფორმაზეა აგებული, რომელიც მალე შეცვლის იმ ძვირადღირებულ არქიტექტურას, რომელსაც ”მერსედესი” ამჟამად იყენებს. ძველ პლატფორმას ორმაგი, სენდვიჩის ტიპის ძირი აქვს, რაც მის სიხისტეს განაპირობებს. ახალი პლატფორმა უნივერსალური იქნება და კუპე CLS-ის გარდა, მას A და B კლასის შემდგომი თაობის ავტომობილებისთვისაც, ასევე უგზოობის ახალი კომპაქტური მოდელისთვისაც გამოიყენებენ.

კონცეპტუალური ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4.738, სიგანე 1.938, სიმაღლე 1.445 და ბაზა 2.924 მეტრი. საბარგულის მოცულობა კი 440 ლიტრს აღწევს. ”სამქიმიანების” მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ ”F800 სტაილის” და მეორე თაობის CLS-ის ზომები იდენტური იქნება.

კონცეპტუალური ავტომობილისთვის, შტუტგარტელებმა ორი ძრავი მოამზადეს. მათგან ერთი ჰიბრიდულია. მასში 300-ცხენისძალიან V6 ბენზინის ძრავთან, 109-ცხენისძალიანი ელექტროძრავია შეწყვილებული, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს. თავის მხრივ, ეს აკუმულატორები საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან იმუხტება.

”მერსედეს ბენცის” მონაცემებით, ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი ”F800 სტაილი” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 4.8 წამში აკრეფს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ იქნება. თუ ავტომობილი მარტო ელექტროძრავით ივლის, მაშინ მისი მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ, სვლის სიშორე კი 29 კილომეტრი იქნება.

მეორე აგრეგატი ელექტროძრავია, მისთვის აუცილებელ ენერგიას კი წყალბადის ფიჭური ელემენტები გამოიმუშავებს. ელექტროძრავის სიმძლავრე 136 ცხენის ძალაა, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკიგან ღებულობს, ეს კი ფიჭური ელემენტებისგან იკვებება. ფიჭური ელემენტების დანადგარი ავტომობილის წინ მდებარეობს და მათში ელექტროენერგიის გამომუშავება, წყალბადსა და ჟანგბადს შორის ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება. ფიჭური ელემენტების გარდა ენერგიის გამომუშავება კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემის მეშვეობითაც ხდება, რომელიც დამუხრუჭების შედეგად წარმოქმნილ ენეგიას ითვისებს.

კონცეპტუალური ავტომობილი აღჭურვილია სისტემა ”ტრეფიკ ჯემ ესისტენტით”, რომელსაც 40 კმ/სთ სიჩქარემდე, საჭის მექანიზმის, მუხრუჭების და აქსელერატორის სრულად კონტროლის უნარი აქვს. ავტომობილის უსაფრთხოებას ემსახურება სისტემა ”პრე-სეიფ”, რომელიც ავარიულ სისტემას დამოუკიდებლად აფიქსირებს და მის თავიდან არიდებასაც თავადვე უზრუნველყოფს.

ჟურნალ ”ავტოქართან” საუბრისას, ”მერსედეს ბენცის” დიზაინის განყოფილების შეფმა გორდონ ვაგენერმა განაცხადა, რომ მეორე თაობის კუპე CLS სწორედ ”F800 სტაილის” სტილში შესრულდება და მის გაყიდვას შტუტგარტელები მერმის დაიწყებენ. ამასთან, კონცეპტუალური ავტომობილის წინა ნაწილის დიზაინს მალე ”სამქიმიანების” სხვა მოდელებზეც ვიხილავთ.

No comments:

Post a Comment