Sunday, February 7, 2010

სატერფულების გამო, ”ტოიოტას” გაყიდვები შეუმცირდება

Toyota sees sales hit from massive recalls, stands by pedal supplier

7 თებერვალი

”ტოიოტას” დიდი პრობლემები აქვს - სამ კონტინენტზე მილიონობით ავტომობილის გამოხმობა სატერფულების უხეირო კვანძის გამო უწევს, რის გამოც, ძალიან გაუჭირდება გაყიდვების არსებული ტემპის შენარჩუნება და ალბათ, ვერც გაყიდვების წლევანდელ გეგმას შეასრულებს.

”ტოიოტას” ვიცე პრეზიდენტი შინიჩი სასაკი, ვინც პროდუქციის ხარისხზეა პასუხისმგებელი, ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დაუჯდება მის კომპანიას ავტომობილების არნახულად დიდი ოდენობით გახმობა. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ყოველივე გაყიდვებზე აუცილებლად უარყოფითად აისახება.

გასული წლის შემოდგომის შემდეგ, ”ტოიოტამ” დაახლოებით 7.7 მილიონი ავტომობილის გახმობაზე გააკეთა განაცხადი და ყველა შემთხვევაში მიზეზი ერთი იყო - პედლების ცუდი კონსტრუქცია, რაც ხშირად, მოულოდნელ, თვითნებურ აჩქარებას იწვევს. გახმობები ამერკაში, კანადაში, ევროპასა და ჩინეთში გაყიდულ ავტომობილებს შეეხო. საინტერესოა, რომ გახმობილი ავტომობილების რაოდენობა ოდნავ ნაკლებია იაპონური კომპანიის მიერ შარშან, მთელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების რაოდენობაზე.

სასაკი ამბობს, რომ ავტომობილების მასშტაბური გახმობის შემდეგ, ერთხელ ”ტოიოტას” გაყიდვების მოცულობა მომდევნო თვეში 20 პროცენტით შეუმცირდა. ამჯერად კი, მისივე თქმით, გახმობის გავლენა გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება.

ერთი თვის წინ, ”ტოიოტამ” გამოაცხადა, რომ წელს გაყიდვების 6-პროცენტიან ზრდას მოელის, რაც იმას ნიშნავს, რომ 8.27 მილიონი ავტომობილის (ამ რიცხვში შედის სატვირთოების და კომპანია ”დაიჰაცუს” გაყიდვები, რომელიც ”ტოიოტას” ეკუთვნის) გაყიდვა იგეგმება. მაგრამ ახლა, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებლად ჩანს.

სასაკი უარყოფს კრიტიკას იმის შესახებ, რომ მასშტაბური გაწვევა ხარისხის ცუდი კონტროლის შედეგია, ეს კი, თავის მხრივ, კომპანიის მთელ მსოფლიოში ექსპანსიამ გამოიწვია. ის ასევე იცავს ამერიკულ კომპანიას, რომელიც ”ტოიოტას” აღნიშნული პედლებით ამარაგებს. პედლების კვანძს ”ტოიოტასთვის” ამერიკული ”CTS კორპორეიშნი” აწარმოებს. სასაკი ამბობს, რომ ეს პრობლება ნაწილობრივ მისი კომპანიის ბრალია, რადგან მის შემუშავებაში სწორედ იაპონური კომპანიის სპეციალისტები მონაწილეობდნენ. იშვიათად, მაგრამ მაინც, ”ტოიოტას” აქსელერატორის სატერფულები იჭედება, რის გამოც, ძრავის შემშვები სისტემა ნაწილობრივ ღიად რჩება.

”ტოიოტამ” პირველად აშშ-ში 4.3 მილიონი ავტომობილი გაიწვია. გაწვევისას იცვლებოდა იატაკის ნოხი, რომელიც პედლის გაჭედვის მთავარ მიზეზად იქნა მიჩნეული. იმავე მიზეზით, კანადაში 200 000 ავტომობილი გაიწვიეს. იაპონურ კომპანიას არ გამოუქვეყნებია იმ ინციდენტების და მათ დროს დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა, რაც აღნიშნულმა პრობლემამ გამოიწვია. მაგრამ აშშ-ს უსაფრთხოების კვლევისა და სტრატეგიის საკონსულტაციო კორპორაციამ გამოაცხადა, რომ პედლების გაჭედვის გამო, მარტო ამერიკაში 19 ადამიანია დაღუპული.

ამჟამად ”ტოიოტას” ამერიკაში დაწყებული აქვს კამპანია, რომლითაც განმარტავს პრობლემის არსს. ამ მიზნით, სპეციალური შეკვეთილი სტატიები იწერება ჟურნალ-გაზეთებში, იაპონური კომპანიის ამერიკული შტოს გაყიდვების განყოფილების შეფი ჯიმ ლენცი კი ენ-ბი-სიზე, სი-ენ-ენსა და სი-ენ-ბი-სიზე გამოვიდა და იმაზე ისაუბრა, თუ რას აპირებს მისი კომპანია აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. გარდა ამისა, ”ტოიოტა” თავის 2.3 მილიონ კლიენტს ინტერნეტით წერილებს დაუგზავნის და მანქანების გაწვევის თაობაზე ინდივიდუალურად შეატყობინებს. იაპონური კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნულ პრობლემას 90 დღეში სრულად მოაგვარებს.

No comments:

Post a Comment