Sunday, February 7, 2010

”ფოლკსვაგენი” ”ტოიოტას” ჩამოქვეითებას უმიზნებს

Volkswagen sets targets to dethrone Toyota

7 თებერვალი

იმის მიუხედავად, რომ შარშანდელი პირველი 9 თვის მონაცამებით, ”ფოლკსვაგენს” მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი ჰქონდა გაყიდული, საბოლოოდ, ამ მაჩვენებლით მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. თუმცა ეს არ ცვლის გერმანული კომპანიის მიზანს, რომელიც 2018 წლისთვის მსოფლიო ლიდერობის ხელში ჩაგდებას ითვალისწინებს.

ვოლფსბურგელთა მიზანს, ახლანდელთან შედარებით, 2018 წლისთვის გაყიდვების მოცულობის 60 პროცენტით გაზრდა წარმოადგენს. უნდა გაიზარდოს მოგების მარჟაც, თუმცა რამდენით, ამას კომპანია არ აზუსტებს.

აღნიშნული გეგმა ”ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ შარშან შეიმუშავა, ახლახანს კი ეს გეგმა საბოლოოდ დამტკიცდა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ვოლფსბურგულმა გიგანტმა მსოფლიო ლიდერობა უფრო ადრეც კი ჩაიგდოს ხელში და თუ ეს მოხდა, ეს უფრო ”ტოიოტას” დამსახურება იქნება, რომელსაც ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეფექტების გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მილიონობით გაყიდული ავტომობილის უფასო რემონტისთვის გახმობა უწევს. უფრო მეტიც, აღნიშნული გარემოება, იაპონური ავტოგიგანტის პროდუქციას სახელს უტეხს, რამაც შეიძლება მისი გაყიდვების შემცირება გამოიწვიოს.

ახალი გეგმით, ”ფოლკსვაგენის” გაყიდვებმა ახლო მომავალში 80 მილიონს უნდა მიაღწიოს, 2018 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 10 მილიონს მიაღწევს. არადა, გერმანულმა კომპანიამ შარშან ”მხოლოდ” 6.3 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია. ამგვარად, ვოლფსბურგელები მსოფლიო ბაზრის 11.4 პროცენტს აკონტროლებენ.

შარშან ”ტოიოტას” გაყიდვები 13 პროცენტით, 7.81 მილიონ ავტომობილამდე შემცირდა. წელს კი იაპონური კომპანია 8.27 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. თუმცა ესეც მცირეა 2007 წლის მიღწევაზე, როცა მან 9.37 მილიონი ავტომობილის გაყიდვა შესძლო.

”ფოლკსვაგენი” ევროპის უდიდესი ავტომწარმოებელია, მსოფლიო ბაზარზე კი ის მხოლოდ ”ტოიოტას” და ”ჯენერალ მოტორსს” ჩამორჩება. გერმანული კომპანია საოპერაციო მოგების 5 პროცენტამდე, გადასახადის გადახდამდე მოგების წილის კი 8 პროცენტამდე გაზრდას გეგმავს. ამასთან, 5-პროცენტიან მოგებაში არაა გათვალისწინებული ”პორშეს” მონაცემები. მართალია, ამ ორმა გერმანულმა კომპანიამ შერწყმის გადაწყვეტილება შარშან მიიღო, მაგრამ ეს გარიგება ჯერ ბოლომდე განხორციელებული არაა, რის გამოც, ვოლფსბურგელებმა საკუთარ მოგებაში ”პორშეს” მოგების მონაცემები არ შეიტანეს. ცნობისათვის, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის მოგებამ შარშან, წლის პირველი 9 თვის შემდეგ, მხოლოდ 1.6 პროცენტი (საშუალო ავტომობილის ღირებულებიდან) შეადგინა.

ცნობისათვის, ”ფოლკსვაგენის” მრავლეროვნულ ოჯახში, ”პორშე” მეცხრე წევრი გახდება. დღეისათვის, გერმანული ავტომწარმოებლის ჯგუფში შემდეგი კომპანიები შედის: გერმანული ”აუდი”, ფრანგული ”ბუგატი”, ინგლისური ”ბენტლი”, იტალიური ”ლამბორგინი”, ჩეხური ”შკოდა”, ესპანური ”სეატი” და ფინური ”სკანია”.

No comments:

Post a Comment