Saturday, March 20, 2010

”ვოლვო” C30-ის ბაზაზე ქროსოვერს შექმნის

Volvo XC30 tipped for 2012

20 მარტი

”ვოლვომ” დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰეჩბეკ C30-ის ბაზაზე ხუთკარიან ჰეჩბეკს და ქროსოვერს გამოუშვებს. ამასთან, ქროსოვერის დასახელებაში ინდექსი X დაემატება, ეს ავტომობილი კი კონკურენციას ”ბეემვეს” და ”აუდის” შესაბამისი კლასის ავტომობილებს - X1-ს და Q3-ს გაუწევს.

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, ახალი ქროსოვერის შესახებ, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. სავარაუდოდ, ეს ავტომობილი იმავე ძრავებით აღიჭურვება, რომლებსაც შვედური კომპანია უფრო მაღალი კლასის ქროსოვერ XC60-ზე იყენებს. ახალი ავტომობილი, ”ვოლვოს” ევროპელი დილერების შოურუმებში 2012 წელს გამოჩნდება.

ხუთკარიანი C30-ს შესახებ პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ 2007 წელს გავრცელდა. მაშინ შვედურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ შესაძლოა, ასეთი ავტომობილი სერიულად გამოუშვას. მაშინვე ითქვა, რომ ხუთკარიანი ჰეჩბეკის დიზაინი სამკარიანთან შედარებით, უფრო თავშეკავებული იქნება.

”ვოლვოს” წარმოების სტრატეგიის და ბრენდის განვითარების განყოფილების შეფ ლექს კერსემაკერსის თქმით, ჯერჯერობით, მისი კომპანია არ გეგმავს C30-ზე მცირეგაბარიტიანი ავტომობილების წარმოებას. თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ მას შემდეგ, რაც ”ვოლვოს” ჩინური კომპანია ”ჯილი” შეიძენს, ახლანდელი სტრატეგია შეიძლება შეიცვალოს და შვედურმა კომპანიამ შეიძლება სუბკომპაქტური ავტომობილების წარმოებაც დაიწყოს.

”ახლა იმაზე მსჯელობა ძნელია, თუ რა მოხდება შემდგომში. მთელს მსოფლიოში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მალე ჩვენს სამოდელო გამაში, C-ზე მცირეგაბარიტიან ელექტრომობილს იხილავთ. თუმცა, ასეთი პროექტის განსახორციელებლად, აუცილებლად პარტნიორი დაგვჭირდება”, - ამბობს კერსემაკერსი.

ცნობისათვის, ამ ეტაპზე, ”ვოლვო” C30-ის ბაზაზე ელექტრომობილს ამზადებს, რომლის ტესტირების დაწყებაც მერმისს იგეგმება. ეს ელექტრომობილი 111-ცხენისძალიანი ელექტროძრავით აღიჭურვება, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან მიიღებს. მათი ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა გაუჩერებლად 150 კილომეტრი განვლოს. საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრულად დამუხტვას კი 8 საათი დასჭირდება.

No comments:

Post a Comment