”მაკლარენმა” ახალი ფაბრიკის მშენებლობა დაიწყო
McLaren Announced New Factory
18 მარტი
”მაკლარენმა” გამოაცხადა, რომ თავისი შტაბ-ბინის (საგრაფო უოკინგში) მახლობლად, ახალი ფაბრიკის მშენებლობა დაიწყო, სადაც მცირე სერიებით, სუპერ ავტომობილებს დაამზადებს. ახალ ფაბრიკას ”მაკლარენის საწარმოო ცენტრი” (მაკლარენ პროდაქშნ სენტერ - MPC) დაერქმევა.
ახალი ფაბრიკის ფართობი 32 000 კვადრატული მეტრი იქნება. მას საძირკველი 1 მარტს ჩაეყარა, მშენებლობას კი კომპანია ”ფოსტერ ენდ კომპანი” განახორციელებს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, ინგლისური კომპანიის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური ცენტრი (ოქტაგონი - სხვადასხვა მონაცემებით, მისი მშენებლობა 500 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა) ააგო. ახალი ფაბრიკის მშენებლობა 12 თვეში უნდა დასრულდეს და იქ მაშინვე დაიწყება სუპერ ავტომობილ MP4-12C-ს წარმოება.
”დიდი ხანია, ვოცნებობთ იმაზე, რომ ჩვენმა კომპანიამ სუპერ ავტომობილების წარმოება დაიწყოს, რომლებსაც ფორმულა 1-ის პრინციპებით ავაგებთ და რომელთა წარმოებაშიც ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ. ჩვენი ავტომობილები უმაღლესი ხარისხის, ეფექტური, კომფორტული და საიმედო იქნება”, - ამბობს ”მაკლარენ აუტომოტივის” შეფი რონ დენისი.
”ახალი ფაბრიკის მშენებლობის დაწყება პირველი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ უმაღლესი კლასის ავტომობილების ბიზნესს ვიწყებთ. ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი კი უმაღლესი დონის საწარმოს აშენებაა. ამ საწარმოში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და მასში წარმოებისა და ინჟინერიის უახლეს მეთოდებს დავნერგავთ”, - დასძენს დენისი.
”მე რომ ”მაკლარენში” მივედი, ეს კომპანია მხოლოდ სარბოლ ავტომობილებს აწარმოებდა და იქ მხოლოდ 50 ადამიანი მუშაობდა. ახლა კი ჩვენთან 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამ 30 წლის განმავლობაში, ჩვენი კომპანია სწორედ ამ დიდებული მომენტისკენ მიდიოდა და მე ბედნიერი ვარ, რომ მალე ჩვენს მიერ დაგროვილი გამოცდილების გამოყენების საშუალება გვექნება”, - ამბობს დენისი.
No comments:
Post a Comment