”შელბი სუპერქარზმა” ცნობილი დიზაინერი გადაიბირა
Jason Castriota
20 მარტი
ამერიკულმა კომპანია ”შელბი სუპერქარზმა” (SSC) იტალიური წარმოშობის ცნობილ ამერიკელ დიზაინერ ჯეისონ კასტრიოტასთან, რომელიც ადრე იტალიურ ატელიეებში, ”ბერტონესა” და ”პინინფარინაში” მუშაობდა, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კასტრიოტა პირადად ხელმძღვანელობდა ისეთი ავტომობილების შექმნას, როგორებიცაა ”ფერარი 599 GTB ფიორანო” და ”მაზერატი გრანტურიზმო”, ასევე კონცეპტუალური ”ფერარი P4/5” და ”მაზერატი ბირდქეიჯი”.
”კასტრიოტა ჩვენთან ერთი წლით დარჩება და ამ პერიოდში, ჩვენთვის ორი ავტომობილის დიზაინს შეიმუშავებს. ამ ავტომობილებს მისი ლოგოტიპი დაამშვენებს და მათ სახელიც მისივე ექნბათ. თქმა არ უნდა, რომ დღეისათვის, ჯეისონი მსოფლიოში სუპერ ავტომობილების საუკეთესო დიზაინერია და გვიხარია, რომ მან ჩვენთან მუშაობაზე თანხმობა განგვიცხადა”, - ამბობს ”შელბი სუპერქარზის” დამაარსებელი და მოდელ ”ალტიმეიტ აეროს” ავტორი ჯეროდ შელბი.
პირველ რიგში, კასტრიოტა მოდელ ”აეროს” ახალი ვერსიის დიზაინს შეიმუშავებს, შემდეგ კი ამ ავტომობილის მომცრო ვერსიას მიხედავს. რა თქმა უნდა, ამ ავტომობილების შესახებ, დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ მათი ძარები მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება.
ამასთან, ჯეროდ შელბი აცხადებს, რომ ახალი ”აერო” მის წინმორბედზე დაახლოებით ორჯერ ძვირი - 800-900 ათასი აშშ დოლარი ეღირება, მეორე ავტომობილის მიახლოებითი ფასი კი 300 ათასი დოლარი იქნება. საერთო ჯამში, ”შელბი” 12 ცალი ”აეროსა” და 50 ცალი მეორე მოდელის წარმოებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ავტომობილი ”SSC ალტიმეიტ აერო” 2007 წელს გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს. ამის მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ ამ მანქანამ სერიული ავტომობილებისთვის სარეკორდო სიჩქარე - 411 კმ/სთ განავითარა. ”ალტიმეიტ აეროს” ამ მიღწევაში ბენზინზე მომუშავე V8 ძრავი დაეხმარა, რომლის მუშა მოცულობა 6.2 ლიტრია. წყვილი ტურბოკომპრესორის დახმარებით, ეს აგრეგატი 1183 ცხენის ძალას ავითარებს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 2.8 წამში აკრიფოს.
სხვათა შორის, კომპანიის ინჟინერთა გათვლებით, ”SSC ალტიმეიტ აეროს” მაქსიმალური სიჩქარე 436 კმ/სთ-ია.
No comments:
Post a Comment