Friday, March 5, 2010

”პეჟოს” სამიზნე გერმანული პრემიუმ ბრენდებია

Peugeot aims at German premium brands with new styling (Automotive News Europe)

5 მარტი

ჟენევის საავტომობილო შოუზე, ”პეჟომ” კონცეპტუალური ავტომობილის - ”5 პეჟოსგან” პრეზენტაცია ჩაატარა. ფრანგული კომპანია იმედოვნებს, რომ ამ ავტომობილის ბაზაზე შექმნილი ახალი სედანი, კონკურენციას პრემიუმ სეგმენტის გერმანული ლიდერების ისეთ პოპულარულ მოდელებს გაუწევს, როგორებიცაა ”მერსედეს ბენცის” C კლასი, ”ბეემვეს” მე-3 სერია და ”აუდის” A4.

”5 პეჟოსგან” ”ფრანგული ლომების” სედან 508-ს წინამორბედია და მისი წარმოების დაწყება მერმისს, წლის დასაწყისში იგეგმება. ”პეჟოს” მმართველი დირექტორი ჟან-მარკ გალესი აცხადებს, რომ 508-ს სერიული ვერსიის მსოფლიო პრემიერა ჟენევის მომავალი წლის გამოფენაზე ჩატარდება.

”ეს ის სეგმენტია, რომელშიც გერმანული ბრენდები დომინირებენ და ამ ავტომობილით, ჩვენ ამ სეგმენტში დამკვიდრებას და მათთან კონკურენციას ვგეგმავთ. სწორედ ამ დანიშნულებით მოვამზადეთ ეს კონცეპტუალური ავტომობილი”, - პრეზენტაციაზე განაცხადა გალესმა.

”ხუთიანი პეჟოსგან” ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომლის დამკვიდრებასაც ფრანგული კომპანია პირველად სწორედ 508-ით დაიწყებს. ეს სტილი რადიატორის შემცირებული ბადით, წვრილი ფარებით და დინამიკური, თუმცაღა ახლანდელ მოდელებზე ნაკლებად აგრესიული დიზაინით გამოირჩევა. ფაქტობრივად, ”პეჟოს” ახალი დიზაინი მიჰყვება ევროპული ავტომწარმოებლების ახალ ტრენდს, რომელსაც დასაბამი ”ფოლკსვაგენ პასატმა” და ”ოპელ ინსინიამ” მისცეს.

”ამ კონცეპტუალურ ავტომობილს, ჩვენი სამომავლო დიზაინის გენები აქვს. ყოველ ავტომობილში, რომლებსაც ამიერიდან წარმოგიდგენთ, თქვენ ამ გენებს შენიშნავთ. ისინი კონცეპტუალური SR1-სა და ”ხუთიანი პეჟოსგან” გარეგნობის შთაგონებით შეიქმნება”, - ამბობს გალესი და დასძენს, რომ სედანი 508 მალე ერთდროულად უფრო პატარა 407-სა და უფრო დიდ 607 სედანებს შეცვლის. თანაც, ის ხაზს უსვამს, რომ სერიული 508-ს დიზაინი, 90 პროცენტით დაემგვანება ”ხუთიანს პეჟოსგან”.

ჟენევაში წარმოდგენილი ”5 პეჟოსგან” ფრანგული კომპანიის ”ჰიბრიდ4” სისტემითაა აღჭურვილი. ამ სისტემაში, ავტომობილის წინ განლაგებული 2.0-ლიტრიანი (165-ცხენისძალიანი) დიზელი და უკან განლაგებული ელექტროძრავია გაერთიანებული, რომელიც დამატებით 38 ცხენის ძალას იძლევა. ფრანგული კომპანიის განცხადებით, ამ ჰიბრიდული სისტემის წყალობით, ავტომობილი 100 კილომეტრს 3.8 ლიტრი საწვავით გადის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ CO2-ს გამოჰყოფს. და თუ მხოლოდ ელექტროძრავით მოძრაობს, მაშინ ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს.

No comments:

Post a Comment