Friday, March 5, 2010

”ნისანი” ახალ ”მიკრაზე” დიდ იმედებს ამყარებს

Nissan unveils new compact car (Reuters)

5 მარტი

”ნისან მოტორმა” ჟენევაში თავისი დაბალფასიანი სუბკომპაქტური ჰეჩბეკი ”მიკრა” (ზოგიერთ ბაზარზე ის ”მარჩის” სახელით იყიდება) წარმოადგინა, რომელიც მთელი მსოფლიოს ბაზარზე გაიყიდება. იაპონური კომპანია ამ ავტომობილის ბაზაზე მოდელების მთელი ოჯახის შექმნას აპირებს და იმედოვნებს, რომ 2013 წლისთვის მათი გაყიდვების მოცულობა 1 მილიონს გასცდება.

ახალი ჰეჩბეკი ”ნისანის” სრულიად ახალ, V პლატფორმაზეა აგებული. ამ პლატფორმის წარმოებისას, იაპონური კომპანია ახალ, მსუბუქსა და მტკიცე მასალებს გამოიყენებს და მისი წარმოება, წინამორბედზე იაფი დაჯდება. პლატფორმის სიიაფეს კი, პირველ რიგში ის ფაქტორი განსაზღვრავს, რომ მას ”მიკრას” ბაზაზე დამზადებული ბევრი მოდელისთვის გამოიყენებენ.

ახალი ”მიკრა”, პირველ რიგში, სწრაფად განვითარებად ქვეყნებში გაიყიდება, როგორებიცაა ტაილანდი, ინდოეთი და ჩინეთი. ამასთან, ის ევროპის ბაზარზეც დარჩება. ჯერჯერობით უცნობია, შეიტანს თუ არა მას იაპონური კომპანია აშშ-ის ბაზარზე.

”ადრე ჩვენი კომპანია კომპაქტურ სეგმენტებში ფართოდ არ იყო წარმოდგენილი, რისი მიზეზიც ის ფაქტი იყო, რომ ჩვენ შესაბამისი მონაცემების მქონე პლატფორმა არ გვქონდა. ახალი პლატფორმა კი ჩვენს მიდგომას ძირეულად ცვლის. მისი საშუალებით, ჩვენ კონკურენტუნარიანნი ვხდებით”, - ამბობს ”ნისანის” მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი.

ახალი ”მიკრას” ფასი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. გონი ამბობს, რომ ეს პატარა ავტომობილი, მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება. ამ ავტომობილის გამოშვებას პირველი ”ნისანის” ტაილანდური ქარხანა დაიწყებს, შემდეგ კი ინდოეთის ჯერიც დადგება. ინდოეთის ბაზარი ”ნისანისთვის” მეტად მნიშვნელოვანია. აქ კომპაქტურ სეგმენტში ”მარუტი სუზუკი” და ”ჰიუნდაი” ლიდერობენ. ასე რომ, ”მიკრას” იქ მკაცრი კონკურენცია ელის.

გონის განცხადებით, პლატფორმის მსუბუქი სტრუქტურის წყალობით, ახალი ”მიკრა” გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით გამოირჩევა. განვითარებითი ბაზრებისთვის განკუთვნილი ”მიკრა”, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 115 გრამი CO2-ით აბინძურებს. ეგ კიდევ არაფერი - მალე ”ნისანი” ევროპული სპეციფიკაციის შესაბამისად მომზადებულ ”მიკრასაც” წარმოადგენს, რომლის გამონაბოლქვშიც, CO2-ის შემცველობა სულ რაღაც 95 გრ/კმ იქნება.

No comments:

Post a Comment