”ფერარი 599 GTO-ს” მთელი ტირაჟი უკვე გაყიდულია
Ferrari's 599 GTO Already Sold Out
19 აპრილი
ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ფერარიმ” თავის უახლეს ავტომობილ 599 GTO-ზე შეკვეთების სრული პაკეტი მიიღო. იტალიურმა კომპანიამ თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილის პრეზენტაცია 16 აპრილს, ქალაქ მოდენას საჰერცოგო სასახლე ”პალაცო დუკალეში” ჩატარდა, სადაც ამჟამად სამხედრო აკადემია მდებარეობს. სხვათა შორის, ამავე სასახლეში, სამი წლის წინ, ”მაზერატიმ” თავისი ”კვატროპორტე ავტომატიკის” პრეზენტაცია ჩაატარა.
”ფერარი 599 GTO-ს” პრეზენტაციას კომპანიის უმაღლესი ხელმძღვანელობაც - დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლუკა დი მონტეძემოლო, მთავარი აღმასრულებელი ამადეო ფელისა და ვიცე აღმასრულებელი პიერო ფერარი (ენცო ფერარის შვილი) დაესწრო. ცერემონიაში მონაწილეობა ”ფერარის” ტესტ პილოტებმა და აკადემიის კადეტებმა, ასევე ”ფერარის” 500-მა კლიენტმა მიიღო.
”ფერარი” სულ 599 ცალი ”599 GTO-ს” წარმოებას აპირებს და გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანზე შეკვეთები უკვე მიღებული აქვს. ამ დღეებში, ავტომობილის მსოფლიო პრემიერა პეკინში, საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე ჩატარდება და წარმოიდგინეთ ჩინელების გაოცება, როდესაც ისინი დაიგებენ, რომ ამ ავტომობილით მხოლოდ ვიზუალურად ტკბობას შეძლებენ, რადგან მისი ყიდვის საშუალება უკვე აღარ მიეცემათ. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა, რომ 599 შემკვეთს შორის ჩინელებიც იყვნენ. ცნობისათვის, ”ფერარი 599 GTO-ს” ღირებულება 350 000 ევროა.
”ფერარის” ისტორიაში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი 6.0-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის პირვანდელი ვარიანტიც ლეგენდარულ ”ფერარი ენცოზე” გამოიყენებოდა. ეს აგრეგატი 661 ცხენის ძალას ავითარებს, 41-ით მეტს, ვიდრე სტანდარტული 599 GTB. მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 619 ნიუტონმეტრს აღწევს. ავტომობილი 1495 კილოგრამს იწონის, რაც 195 კილოგრამით ნაკლებია 599 GTB-ს წონაზე.
No comments:
Post a Comment