მეტოქეობა პარტნიორებს შორის
battle brews between new partners Daimler and Renault
19 აპრილი
კარლოს გონი (მარცხნივ) და დიტერ ცეტშე (მარჯვნივ) ალიანსის შექმნის ცერემონიაზე
..............................................................................
”დაიმლერმა” და ”რენო-ნისანმა” ალიანსი ახლახანს ჩამოაყალიბეს, მაგრამ არსებობს მათი საქმიანობის სფეროები, რომლებშიც ისინი კონკურენტებად დარჩებიან. ესაა ელექტრომობილებისთვის საჭირო აკუმულატორების წარმოება.
”დაიმლერის” მთავარი აღმასრულებელი დიტერ ცეტშე ამბობს, რომ მისი კომპანია, ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი აკუმულატორების წარმოების მხრივ, მსოფლიო ლიდერი გახდება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ იგივე მიზანი ”რენო-ნისანის” შეფ კარლოს გონსაც ამოძრავებს.
კარლოს გონი ”ნისან ლიფის” პრეზენტაციაზე
........................................................
ორივე კომპანია ელექტრომობილების შესაქმნელად ერთობლივად მუშაობას აპირებს, მაგრამ აკუმულატორები ის სფეროა, რომელშიც ისინი მეტოქეობას გააგრძელებენ. და არაა გამორიცხული, რომ საბოლოო ჯამში, ამ მეტოქეობამ ალიანსის მომავალზეც (რა თქმა უნდა, უარყოფითად) იმოქმედოს.
ერთი კვირის წინ, როდესაც ალიანსის შექმნის თაობაზე, ოფიციალურ საბუთებს ხელი მოაწერეს, ცეტშემ და გონმა ცარიელი დატოვეს ის გრაფები, სადაც აკუმულატორების წარმოების თანამშრომლობაზე იყო ლაპარაკი. ამავე ხელშეკრულების ძალით, ისინი ერთობლივად შემუშავებულ მოდელებზე თავ-თავის აკუმულატორებს გამოიყენებენ. მაგალითად, მომავალ ”სმარტს” და ”ტვინგოს” ისინი ერთიანი ძალისხმევით შექმნიან. მაგრამ თუ ”სმარტი” ”დაიმლერის” აკუმულატორებს მიიღებს, ტვინგოს ”რენოს” წარმოების აკუმულატორები ექნება.
”ადრეც და ახლაც, ”დაიმლერი” იყო და არის იმ ტიპის კომპანია, რომელიც განსაკუთრებული გულმოდგინებით უფრთხილდება საკუთარ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მათ არავის უნაწილებს. რამდენადაც ”დაიმლერის” აკუმულატორები მახასიათებლებით შეიძლება საუკეთესო იყოს, იმდენად ”რენოს” აკუმულატორებს ფასის მხრივ ექნება უპირატესობა და შესაძლოა, უფრო კონკურენტუნარიანი იყოს”, - ამბობს საავტომობილო ბაზრის კვლევების გაერთიანება ”ფროსტ ენდ სალივანის” დირექტორი ანილ ვალსანი.
”დაიმლერი” მსოფლიოში ლუქსის კლასის ავტომობილების მეორე უდიდესი მწარმოებელია. ”რენო” კი მეორე უდიდესი ფრანგული კომპანიაა. ორივე კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ელექტრომობილების წარმოების სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი, ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებია. უფრო მეტიც, გერმანული კომპანიის განვითარების განყოფილების შეფი თომას ვებერი ამბობს, რომ თუ თანამედროვე ავტომობილების გულად ძრავია მიჩნეული, ელექტრომობილებში ამ ”პოზიციას” აკუმულატორებს მიანიჭებენ.
”რენოსა” და ”ნისანის” გარდა, ”დაიმლერი” ელექტრომობილების შემუშავების სფეროში, ასევე ჩინურ BYD-თან ითანამშრომლებს, რომელიც ლითიუმ-იონური აკუმულატორების (რომლებიც კომპიუტერებსა და ტელეფონებში გამოიყენება) წარმოების მხრივ, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია. ჩინურ კომპანიასთან კოოპერაციით შექმნილი ელექტრომობილი პირველ რიგში, ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.
”ჩვენი მიზანი არის და იქნება ის, რომ ელექტრომობილების წარმოების სფეროში მსოფლიო პიონერი გახდეს. მალე ელექტრომობილების წარმოება მასობრივ ხასიათს მიიღებს და ჩვენ ამ სფეროშიც, კონკურენტუნარიანები ვიქნებით”, - ამბობს ცეტშე.
პარალელურად, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოების სფეროში, ლიდერობას ”რენოსა” და ”ნისანს” მათი მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი უწინასწარმეტყველებს. ამ მხრივ, ეს ორი კომპანია პირველ დიდ ნაბიჯს ამ წლის მიწურულს გადადგამს, როდესაც ევროპულ ბაზარზე ელექტრომობილი ”ნისან ლიფი” გამოჩნდება. მალე კი მას ”რენოს” ოთხი ელექტრომობილი მოჰყვება, რომელთა წინასერიული პროტოტიპების ხილვაც, ფრანკფურტის შარშანდელ საავტომობილო შოუზე იყო შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment