”შევროლე ვოლტი” მინივენის ფორმაში
Chevrolet Volt MPV5
23 აპრილი
”ჯენერალ მოტორსს” ჯერ თავისი ფართოდ რეკლამირებული ჰიბრიდული ”შევროლე ვოლტის” წარმოება არ დაუწყია, თუმცა მის პლატფორმაზე ახალი ავტომობილების შემუშავებას უკვე შეუდგა. ამ ახალთაგან პირველი კი არის - ”შევროლე ვოლტ MPV5”, რომელიც ერთდროულად კომპაქტვენიცაა და ქროსოვერიც და რომელიც შარშან, პარიზის საავტომობილო შოუზე ნაჩვენებ ”შევროლე ორლანდოს” ბაზაზეა შექმნილი.”შევი ვოლტთან” შედარებით, ”ვოლტ MPV5-ზე” მსხვილგაბარიტიანია. მას 15 სანტიმეტრით გრძელი ბაზა აქვს. ამასთან, ”ვოლტზე” 18 სანტიმეტრით გრძელი, ამდენივეთი მაღალი და 7 სანტიმეტრით განიერია. კომპაქტვენ-ქროსოვერის საბარგულის მოცულობა 863 ლიტრია და თუ უკანა სავარძლებსაც დავკეცავთ, ის 1764 ლიტრამდე იზრდება.
”ვოლტ MPV5-ის” ჰიბრიდული დანადგარი თითქმის ისეთივეა, როგორიც ”ვოლტზე”. გაიზარდა მხოლოდ აკუმულატორების ტევადობა და გენერატორის სიმძლავრე. მარტო ელექტროძრავით ამ ავტომობილს 50 კილომეტრის გავლა შეუძლია. როცა აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია ამოიწურება, მაშინ საქმეში ბენზინის 1.4-ლიტრიანი ძრავი ერთვება, რომელიც გენერატორს ამუშავებს, ეს კი აკუმულატორებსაც მუხტავს და ენერგიით ელექტროძრავსაც ამარაგებს. შედეგად, ავტომობილის სვლის სიშორე 482 კილომეტრამდე იზრდება.
კონცეპტუალური ”ორლანდსგან” ”ვოლტ MPV5-ს” წინა ნაწილის სხვანაირი (ვოლტის მსგავსი) დიზაინი და სალონი განასხვავებს, რომელიც ასევე ”ვოლტის” სტილშია შესრულებული.
მაინც, რა სახელით გამოჩნდება ეს ავტომობილი ბაზარზე? გენერლები ამაზე ჯერჯერობით სდუმან. თუმცა, დიდია ალბათობა იმისა, რომ ისინი ”ვოლტის” ბაზაზე ცალკე სუბ-ბრენდს ქმნიან, როგორც ამას ”აუდი” ”e-ტრონთან” დაკავშირებით აკეთებს. თუ ასე მოხდა, მაშინ ”ვოლტ MPV5-ს” ეს სახელი შეუნარჩუნდება. მის შიდაწვისძრავიან ვერსიას კი ”ორლანდოს” სახელით გავიცნობთ.
No comments:
Post a Comment