”სიტროენ მეტროპოლისი” - კონცეპცია ჩინური დიზაინით
Citroen Reveals Chinese Designed Metropolis Concept
22 აპრილი
პეკინის საავტომობილო გამოფენაზე. ფრანგულმა კომპანია ”სიტროენმა” კონცეპტუალური ლიმუზინი ”მეტროპოლისი” წარადგინა, რომელიც ”PSA პეჟო-სიტროენის” საერთაშორისო ჯგუფის მიერ, შანჰაის დიზაინ-სტუდიაშია შექმნილი, რომლისთვისაც ეს პირველი ნამუშევარია.
”სიტროენ მეტროპოლისი” უფრო დიდია, ვიდრე ”მერსედეს-ბენცის” S-კლასის გრძელბაზიანი ვერსია. მისი სიგრძე 5.3 მეტრს აღწევს, სიგანეში კი (2.0 მეტრი) ”მაიბახ 62-ს” უტოლდება. მისი წარმოების დაწყების შემთხვევაში, ”სიტროენი” მისთვის ჯერაც უცხო ბაზარზე შეაბიჯებს.
”მეტროპოლისის” გარეგნობაში, კონცეპტუალურ მოდელ ”სიტროენ ჰიპნოსის” დიზაინთან მსგავსება შეინიშნება. მაგალითად, მათ ერთნაირი აქვთ კომპანიის ლოგო, რომელიც რადიატორის ზედა ნაწილშია მოთავსებული. მათ ასევე ერთნაირი აქვთ წინა ბამპერის კიდეებში განთავსებული ჰაერის ამღებები და უკანა ხედვის სარკეები. კონცეპტუალური ავტომობილი 21-დუიმიან, ორიგინალური დიზაინის მქონე ბორბლებზე დგას, რომლებიც 265/35 ზომის საბურავებითაა შემოსილი.
”მეტროპოლისი” აგებულია იმ პლატფორმის მოდიფიცირებულ ვერსიაზე, რომელსაც ”PSA პეჟო-სიტროენი” ორ მოდელზე - ”პეჟო 407-სა” და ”სიტროენ C6-ზე” იყენებს. ავტომობილი ჰიბრიდული ძალური დანადგარით და სრულამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი, რომელშიც შედის გადაბმის ორდისკოიანი ქურო და 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი.
ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 460 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 429 ნიუტონმეტრი. ჰიბრიდის მთავარი ნაწილია ბენზინის 2.0-ლიტრიანი V6 ძრავი, რომელთანაც შეწყვილებულია ელექტროძრავი. ამ უკანასკნელის ნომინალური სიმძლავრე 55 ცხენის ძალაა, თუმცა მცირე ხნით, მაქსიმუმმა შეიძლება 95 ცხენის ძალასაც კი მიაღწიოს.
კომპანიის განცხადებით, ”მეტროპოლისის” ჰიბრიდული დანადგარის მონაცემები, ბენზინზე მომუშავე 4.0-ლიტრიანი V8 ძრავისას შეესაბამება. სამაგიეროდ, ყოველი კილომეტრის გავლისას, ის ატმოსფეროს მხოლოდ 70 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.
რა თქმა უნდა, ფრანგული კომპანია ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმაზე, აპირებს თუ არა ”მეტროპოლისის” ბაზაზე სერიული ავტომობილის შექმნას და წარმოებას. ინგლისური ჟურნალი ”ავტოქარი” კი აზუსტებს, რომ მისი წარმოების შემთხვევაში, ”მეტროპოლისი” ”ორმაგი შევრონის” სამოდელო გამაში ჯერ არარსებულ, უმაღლეს ნიშას დაიკავებს.
No comments:
Post a Comment