Thursday, April 1, 2010

”ჰენესი ვენომ GT” - მონსტრი ”ლოტუს ელიზის” ბაზაზე

Hennessey Venom GT

1 აპრილი

”ლოტუსის” პოპულარული როდსტერი ”ელიზი” დიდი სიმძლავრით არ გამოირჩევა, მაგრამ მანევრულობით ბევრ სუპერ ავტომობილსაც მისცემს ფორას. ამიერიდან კი ის თავადაც უმძლავრესი ძრავით აღიჭურვება, თუმცაღა, ამას ინგლისური კომპანია კი არა, არამედ ამერიკული სატუნინგო ატელიე ”ჰენესი” გააკეთებს. ”ელიზის” ამერიკულ ვარიანტს კი ”ვენომ GT” დაერქვა.

მაშ ასე, ავტომობილი აღჭურვილია 6.2-ლიტრიანი V8 ძრავით (LS9), რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 725 ცხენის ძალას ავითარებს. ”ჰენესი” აცხადებს, რომ მყიდველის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ძრავის უფრო მძლავრი - 1 000 და 1 200 ცხენისძალიანი ვერსიების გამოყენებაც.

ძრავის მაბრუნ მომენტს, ”რიკარდოს” წარმოების 6-საფეხურიანი კოლოფი გადაამუშავებს, საიდანაც ის უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება. ავტომობილი 1 071 კილოგრამს იწონის, მის ეფექტურ შენელებას კი ”ბრემბოს” სამუხრუჭე სისტემა უზრუნველყოფს. ”ვენომ GT” კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ”მიშლენის” მასიური საბურავებითაა (PS2) შემოსილი.

”ჰენესის” ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ სამიდან ყველაზე მძლავრი ძრავით აღჭურვილი ”ვენომ GT” ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 2 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 440 კმ/სთ-ია.

”ჰენესი” აცხადებს, რომ წლიურად მხოლოდ 10 ცალ ”ვენომ GT-ს” დაამზადებს, რომელთაგან 4-ზე უკვე მიღებული აქვს შეკვეთები. ამასთან, მყიდველს სთავაზობენ, რომ მან კომპანიის ტესტ პილოტისგან ერთდღიანი ინსტრუქციები სარბოლ ტრასაზე მიიღოს. ავტომობილის 725-ცხენისძალიანი ვერსიის ფასი 600 000 დოლარია.

No comments:

Post a Comment