Monday, April 12, 2010

”ჰამერის” შეძენა ამერიკულ კომპანიას სურს

Hummer

12 აპრილი

მას შემდეგ, რაც ჩინურ ინდუსტრიულ გიგანტ ”სიჩუან ტენჯონს” ”ჰამერის” მიყიდვაზე უარი უთხრა, ”ჯენერალ მოტორსმა” უგზოობის ავტომობილების ამ მარკის ლიკვიდაციაზე დაიწყო ზრუნვა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ბოლო მომენტში მაინც გადაიფიქროს და ”ჰამერს” ახალი პატრონი შეურჩიოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რეალური მყიდველი გამოჩნდება.

”ჰამერის” შეძენა დღესაც რამდენიმე კომპანიას სურს, რომელთა შორისაცაა ამერიკული ”რეიზერ ტექნოლოჯიზი”. ამ კომპანიას ”გენერლებისთვის” ”ჰამერის” შეძენის საკითხზე უკვე ორჯერ მიუმართავს, მაგრამ ორივე შემთხვევაში უარი მიიღო. პირველ შემთხვევაში, ეს იმის გამო მოხდა, რომ ”ჯენერალ მოტორსი” მოლაპარაკებას ”სიჩუან ტენჯონთან” აწარმოებდა. მაგრამ ეს მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, რადგან ჩინეთის კანონმდებლებმა ჩინური კომპანიისგან ”ჰამერის” შეძენის პერსპექტივა არ მოიქონეს.

ჩინელებთან მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ, ”რეიზერ ტექნოლოჯიზმა” ”ჯენერალ მოტორსს” კიდევ ერთხელ მიმართა. მისი ხელმძღვანელობა მზად იყო, ”ჰამერში” იმაზე მეტი თანხა გადაეხადა, ვიდრე ჩინური კომპანია იხდიდა (სიჩუან ტენჯონი ჰამერს 150 მილიონ დოლარად ყიდულობდა).

”რეიზერ ტექნოლოჯიზი” შტატ იუტაშია ბაზირებული და მისი საქმიანობის ძირითადი სფერო ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა წყაროების (უფრო კონკრეტულად, გეოთერმული წყლების გამოყენება) ათვისებაა. კომპანიის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ”ჰამერის” შეძენის შემთხვევაში, მას ”მწვანე” ბრენდად გადააქცევს, რაშიც მას საკუთარ ბიზნესში დაგროვილი გამოცდილება დაეხმარება.

სხვათა შორის, ”რეიზერ ტექნოლოჯიზმა” შარშან ჰიბრიდული ”ჰამერ H3-ის” პროტოტიპი დაამზადა, რომელიც ერთ-ერთმა პირველმა შტატ კალიფორნიის გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა გამოსცადა (სურათზე).

No comments:

Post a Comment