”ჰიუნდაის” ზედიზედ მეორე მსოფლიო პრემიერა
World Premiere of the All-New Hyundai Elantra/Avante
30 აპრილი
ბუსანში მიმდინარე საავტომობილო შოუზე, სამხრეთკორეულმა ავტოგიგანტმა ”ჰიუნდაიმ” თავისი ყველაზე პოპულარული მოდელის, ”ელანტრას” (კორეაში ამ ავტომობილს ”ავანტეს” სახელით იცნობენ) მეხუთე თაობის მსოფლიო პრემიერა ჩაატარა. ამ სახელით, კომპაქტური ავტომობილის წარმოება ”ჰიუნდაიმ” 1990 წელს დაიწყო და მას შემდეგ, მთელს მსოფლიოში 6 მილიონზე მეტი ”ელანტრა” გაჰყიდა.ახალი ”ელანტრა” ძირეულადაა შეცვლილი, მისი დიზაინი კი ”ჰიუნდაის” ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც უკვე ახალ ”სონატასა” და ”აქცენტზე” (ერთი კვირით ადრე, პეკინის ავტო შოუზე) ვიხილეთ. და უნდა ითქვას, რომ ეს ახალი სტილი ყველაზე მეტად სწორედ ”ელანტრას” მოუხდა. კორეული კომპანიის განმარტებით, ახალ ”ელანტრას” ”თხიერი სკულპტურა” გამოარჩევს, რაც საუკეთესოდ მიესადაგა ოთხკარიანი კუპეს სტილს და რთული ფორმის, დიდრონ ფარებს.
გამოფენაზე სალონის ყველა შუშა გაუმჭვირვალე იყო - ”ჰიუნდაი” ჯერ მზად არაა იმისათვის, რომ ახალი ავტომობილის ინტერიერი გვიჩვენოს. თუმცა, გამოქვეყნებულ პრეს რელიზში აღნიშნულია, რომ ”ახალი ”ელანტრას” სალონში ისეთ რამეებს ვნახავთ, რაც ამავე კლასის სხვა კომპაქტურ ავტომობილებში ჯერ არავის გამოუყენებია”. გავრცელებული ინფორმაციით, სალონის სიახლეებს შორის იქნება უკანა სავარძლების გამათბობლები და ცენტრალურ პანელზე მოთავსებული ფერადი საინფორმაციო მონიტორი, რომელზეც უამრავი ინფორმაციის გამოტანა იქნება შესაძლებელი.
ბუსანში წარმოდგენილი ”ელანტრა” აღჭურვილია სერია ”გამა GDI-ს” (GDI - გაზოლინ დირექტ ინჯექშნ - ბენზინის უშუალო შეფრქვევა) 1.6-ლიტრიანი ძრავით, რომელიც მაქსიმუმ 140 ცხენის ძალასა და 167 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი. ”ჰიუნდაის რელიზში მითითებულია, რომ კორეაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც კომპაქტურ ავტომობილზე, GDI ტექნოლოგიის ძრავს 6-საფეხურიანი ავტომატს შეუწყვილდება. იმავე რელიზის მიხედვით, ეს ტანდემი ავტომობილს, მის ყველაზე ეკონომიურ კონკურენტებზე 10 პროცენტით ეკონომიურს ხდის.
”ახალი ”ავანტე” (ელანტრა) კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ”ჰიუნდაის” ამბიციას, რომ კომპაქტურ კლასში საუკეთესო სტილისა და დინამიკის მქონე ავტომობილებს აწარმოებდეს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ავტომობილით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კომპაქტურ კლასში ახალ სტანდარტს დავამკვიდრებთ”, - პრეზენტაციის დროს განაცხადა ”ჰიუნდაის” გლობალური ბიზნესის დივიზიონის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა სტივ იანგმა.
კორეაში ახალი ავტომობილი ”ავანტეს” სახელით გაიყიდება, ევროპაში კი სახელად შესაძლოა ისევ ”ელანტრა” დაუტოვონ. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ სახელი ინდექს i-თ შეუცვალონ. ოღონდ, ინდექსს რა რიცხვი მოჰყვება (35, ან 40), ეს ჯერ უცნობია. კორეაში ახალი ”ავანტეს” გაყიდვას ”ჰიუნდაი” ზაფხულის შემდეგ დაიწყებს, ევროპასა და სხვა ბაზრებზე ის მოგვიანებით გამოჩნდება. საქართველოს ბაზარს კი ალბათ მომავალი წლის დასაწყისში ეწვევა.
No comments:
Post a Comment