”ოპელი” ჩინეთში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში ექსპანსიას გეგმავს
Opel mulls expansion in China, S. America, Africa and Australia
8 მაისი
ნიკ რილი
..............................
”ოპელ/ვოქსჰოლის” ხელმძღვანელობა ”ჯენერალ მოტორსის” ევროპული შტოს ბიზნესის ექსპანსიას გეგმავს. პირველ რიგში, ჩინეთის ბაზარზე შეღწევის საკითხი განიხილება, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის ჯერიც დადგება. ამის თაობაზე, ”ოპელ/ვოქსჰოლის” მთავარმა აღმასრულებელმა ნიკ რილიმ გამოცემა ”ავტომოტივ ნიუს იუროპთან” საუბრისას განაცხადა.
რილის თქმით, მისი კომპანიისთვის უცხო ბაზრებზე ექსპანსიის საკითხი იმის გამო დადგა, რომ ევროპული ბაზარი კვლავაც ვერ იზრდება, რაც ”ოპელის” და ”ვოქსჰოლის” გაყიდვებზე უარყოფითად აისახება. რილის თქმით, თუ ”ოპელმა” შარშან 1.2 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, წელს გაყიდვების მოცულობა მილიონამდე შემცირდება.
ოპელ ინსინია
...................................
იმავდროულად, რილი ”ოპელის” აშშ-ის ბაზარზე შესვლას გამორიცხავს, რადგან იქ, გერმანული კომპანიის სამოდელო გამის ანალოგს ”გენერლები” თავიანთი ამერიკული ბრენდის, ”ბიუიკის” სახელით ჰყიდიან. მაგალითად, ”ოპელის” საუკეთესო ავტომობილი ”ინსინია” ამერიკაში ”ბიუიკ რეგალის” სახელით იყიდება და იქ ”ინსინიას” შეტანა შიდა კონკურენციას გამოიწვევს.
რილის თქმით, ჩამოთვლილ ქვეყანათაგან, ზოგან ”ოპელს” კარგად იცნობენ და ”ჯენერალ მოტორსის” იქაური დილერები, ბაზარზე ”ოპელის” დაბრუნებას ითხოვენ. ასეთი ბაზრებია სამხრეთ ამერიკა და სამხრეთ აფრიკა. გარდა ამისა, რილი ამბობს, რომ ”ოპელს” კარგი პერსპექტივა ავსტრალიაშიც აქვს.
რაც შეეხება ჩინეთს, ეს განსაკუთრებული ბაზარია. სხვათა შორის, ცისქვეშეთში ბიუიკ რეგალი” დიდი პოპულარობით სარგებლობს და იქ ”შევროლეც” კარგა ხნის დამკვიდრებულია, თუმცა იქაური ბაზარი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გენერლებს შიდა კონკურენცია იქ ნაკლებად ადარდებთ.
ამასთან, რილის ესმის, რომ ჩინეთში ”ოპელს” ბევრი მანქანის გაყიდვა გაუჭირდება, რადგან იქაური მყიდველი ნაკლებად ეტანება ძვირადღირებულ ავტომობილებს. ”ჩინეთში ”ოპელს” კარგი იმიჯი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, პროდუქციის მრავალფეროვნებით ვერ დავიკვეხნით”, - ამბობს რილი, ვინც ”ოპელის” ხელმძღვანელად დანიშვნამდე, ”ჯენერალ მოტორსის” აზიური ოპერაციების შეფი იყო.
დღეისათვის, ”ოპელი” ჩინეთში მხოლოდ ორ მოდელს - სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”კორსას” და მინივენ ”ზაფირას” ჰყიდის. მალე კი იქ ”ასტრას” სედანისძარიან ვერსიას და სედან ”ინსინიასაც” შეიტანს. ცნობისათვის, შარშან გერმანულმა კომპანიამ ჩინეთში სულ რაღაც 3 000 ავტომობილის გაყიდვა შესძლო.
სხვათა შორის, ადრე ”ჯენერალ მოტორსმა” თავად გადაწყვიტა, რომ ”ოპელის” მარკით ავტომობილები მხოლოდ ევროპის ბაზარზე გაყიდულიყო, რადგან ასე მყიდველს არ წაართმევდა თავისსავე ბრენდებს - ”შევროლეს”, ”ბიუიკს” და ავსტრალიურ ”ჰოლდენს”. ეს ის ბრენდებია, რომლებიც გერმანული კომპანიის ტექნოლოგიებს იყენებენ.
ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა, ახალ ბაზრებზე ”ოპელი” ”ჯენერალ მოტორსის” მოქმედ სადილერო ქსელებს გამოიყენებს, თუ საკუთარ ქსელს შექმნის. თუ არჩევანი მეორე ვარიანტზე შეჩერდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ”ოპელი” ახალი ბაზრების აგრესიულ ათვისებას დაიწყებს.
No comments:
Post a Comment