ქროსოვერი ASX ”მიცუბიშის” ევროპული ბესტსელერი გახდება
Mitsubishi expects ASX to be its Europe sales leader
8 მაისი
”მიცუბიშის” ხელმძღვანელობა ახალ კომპაქტურ ქროსოვერ ASX-ზე დიდ იმედებს ამყარებს. იაპონურ კომპანიაში იმედი აქვთ, რომ ეს ავტომობილი, ევროპაში გაყიდვების მოცულობით, მალე სუბკომპაქტურ ”კოლტს” გადაასწრებს და ”მიცუბიშის” ბესტსელერი გახდება. უფრო კონკრეტულად კი, მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ ევროპასა და რუსეთში, ერთ წელიწადში დაახლოებით 37 000 ცალი ASX-ის გაყიდვას შესძლებენ.
”მიცუბიშის” ასევე იმედი აქვს, რომ ახალი ქროსოვერი მის იმიჯსაც შეცვლის. დღეისათვის, ამ კომპანიას იცნობენ, როგორც უგზოობის დიდი ზომის, არაეკონომიური ავტომობილების მწარმოებელს. მომავალში კი, სასურველი იქნება, თუ მას ეკონომიური ქროსოვერების მწარმოებლის იმიჯი ექნება.
იმიჯის შესაცვლელად, ”მიცუბიშიმ” შემდეგ ხერხს მიმართა - თავის ზოგიერთ ავტომობილს უგზოობის მოდელად (რომლებსაც ყველა, როგორც საწვავის უზომოდ მომხმარებლებს, ისე უყურებს) აღარ მოიხსენიებს და მათ ქროსოვერებს უწოდებს. ამგვარად, ASX კომპაქტური ქროსოვერია, ”აუტლანდერი” კი - საშუალო ზომის ქროსოვერი. არადა, ინტერნეტ გამოცემა ”ავტომოტივ ნიუს იუროპის” სტანდარტებით, ორივე ავტომობილი საშუალო ზომის უგზოობის კლასს მიეკუთვნება.
და მაინც, ქროსოვერები უფრო ახლოსაა ჩვეულებრივ ჰეჩბეკებთან და ”მიცუბიშისაც” სწორედ ის აწყობს, რომ თავის ავტომობილებს ქროსოვერებს უწოდებდეს. არადა, ევროპაში ამ კომპანიას დიდი გამავლობის ”პაჯეროსა” და პიკაპ L200-ის მწარმოებლის სახელით იცნობენ. ეს გარდაქმნა იაპონურმა ავტომწარმოებელმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაზარზე მეორე თაობის ”აუტლანდერი” გამოუშვა (2005 წელს).
სხვათა შორის, ASX-ს პლატფორმა და ნაწილების 70 პროცენტი უფრო დიდგაბარიტიანი ”აუტლანდერის” აქვს. მაგრამ მათ მაინც გამონაბოლქვში CO2-ის ოდენობა განასხვავებს. რა თქმა უნდა, გამონაბოლქვი უფრო სუფთა ASX-ს აქვს. მის ვერსიებს შორის კი ყველაზე ეკოლოგიური ისაა, რომელიც 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი. ყოველი კილომეტრის გავლისას, ის ატმოსფეროში 135 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. შედარებისთვის, 2.0-ლიტრიანი დიზელით აღჭურვილი ”აუტლანდერის” შესაბამისი მაჩვენებელი 183 გრამია.
ახალი ქროსოვერის გამონაბოლქვი რომ შედარებით სუფთაა, ამას თავისი მიზეზები აქვს. ჯერ ერთი, მისი ძრავები უფრო ეკონომიური და ეფექტურია. მეორეც, ASX ”აუტლანდერზე” 200 კილოგრამით მსუბუქია. წონის შემცირება კი მსუბუქი მასალების ინტენსიურად გამოყენების ხარჯზე მოხდა.
ცნობისათვის, ASX მე-13 ავტომობილია, რომელიც ”მიცუბიშიმ” ეგრეთ წოდებულ არქიტექტურა ”პროჯექტ გლოუბლის” ფარგლებში გამოუშვა. ეს არქიტექტურა კი იაპონურმა კომპანიამ ”კრაისლერთან” ერთად მაშინ შეიმუშავა, როდესაც ორივე ტრანსატლანტიკურ კონგლომერატ ”დაიმლერკრაისლერის” ნაწილი იყო.
ძველი კოოპერაცია დასრულდა, თუმცა ძველ პროექტს იაპონელები ჯერაც წარმატებით იყენებენ. ქროსოვერი ASX იმდენად პერსპექტიულია, რომ მას ”მიცუბიში” თავისი ფრანგი პარტნიორის, ”PSA პეჟო-სიტროენისთვისაც” ორივე მარკით დაამზადებს. სხვათა შორის, ამ სამმა კომპანიამ პარტნიორობა უფრო ადრე ”აუტლანდერით” დაიწყო, რომელსაც ”მიცუბიში” ”სიტროებისთვის” C-ქროსერის სახელით, ”პეჟოსთვის” კი ”პეჟო 4007-ის” სახელით აწარმოებს.
No comments:
Post a Comment