”აუდის” ყველაზე მძლავრი და მსუბუქი R8
New Audi R8 GT: Hardcore Lightweight Special with 560HP V10
9 მაისი
”აუდიმ” თავისი სუპერავტომობილის, R8-ს ყველაზე მძლავრი და მსუბუქი ვერსია დაამზადა და მას სახელწოდებაში განსაზღვრება GT (გრან ტურიზმო) დაამატა. ეს ავტომობილი R8-ს ათცილინდრიანი ვერსიის ბაზაზეა დამზადებული, მაგრამ ჩატარებული მოდიფიკაციის შედეგად, მასზე 100 კილოგრამით მსუბუქი და 40 ცხენის ძალით მძლავრია. გარდა ამისა, ის ახალი აეროდინამიკური ელემენტებით და უფრო ხისტი საკიდარითაც აღიჭურვა.
”აუდი R8 GT-ს” წონის შემცირება უფრო თხელმა საქარე მინამ, უკანა შუშის ნაცვლად პოლიკარბონატის გამოყენებამ, კაპოტისა და უკანა ბამპერის ნახშირბადოვანი კომპოზიტისგან დამზადებამ განაპირობა. გარდა ამისა, მოდერნიზაცია ჩაუტარდა სამუხრუჭე სისტემას და შემშვებ კოლექტორს, რისი მიზანიც შემსუბუქება და ძრავის გაძლიერება (კოლექტორის შემთხვევაში) იყო. ინჟინრებმა უარი თქვეს კაპოტის ხმის საიზოლაციო შრეზე, სალონში კი ახალი, მსუბუქი სავარძლები მოთავსდა.
შედეგად, ავტომობილის წონა 1525 კილოგრამამდე შემცირდა. და მაინც, ის ”პორშე 911 GT3-სა” და ”ლამბორგინი გალიარდო სუპერლეგარაზე” შესაბამისად, 135 და 185 კილოგრამით მძიმეა.
5.2-ლიტრიანი V10 ძრავის სიმძლავრე 560 ცხენის ძალამდე, მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 10 ნიუტონმეტრით, 540 ნმ-მდე გაიზარდა. ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი R-ტრონიკი, რომელსაც ასევე მოდერნიზაცია ჩაუტარდა.
”აუდის” მონაცემებით, ამ აგრეგატების მეშვეობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.6 წამში შეუძლია, რაც 0.3 წამით ნაკლებია საბაზო R8 V10-ის აჩქარების დროზე. გარდა ამისა, R8 GT-ს მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ს აღწევს.
ამასთან, მოდერნიზებული ავტომობილი შეცვლილი და ერთი სანტიმეტრით დადაბლებული საკიდარითაც აღიჭურვა, რომელსაც უფრო ხისტი ზამბარები და ამორტიზატორები აქვს. მძლავრ სამუხრუჭე სისტემას კარბონ-კერამიკული მასალისგან დამზადებული დისკები დაუყენეს, რომელთა დიამეტრი წინ 380, უკან კი 356 მილიმეტრია. ავტომობილი 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებზეც 235/35 (წინ) და 295/30 (უკან) ზომის რეზინია გადაცმული.
”აუდი” სულ 333 ცალი R8 GT-ს დამზადებას აპირებს. გერმანიაში მისი ღირებულება 193 000 ევრო იქნება.
No comments:
Post a Comment