”ფოლკსვაგენი” ”სეატის” გადარჩენას ცდილობს
VW makes ‘last attempt' to save Seat
16 მაისი
ჯეიმს მუირი ჟენევაში, კონცეპტუალურ ელექტრომობილ იბე-ს პრეზენტაციაზე
................................................
ესპანური საავტომობილო კომპანია ”სეატი”, ”ფოლკსვაგენის” დიდ ოჯახში შემავალ კომპანიებს შორის ყველაზე წამგებიანია. მაგრამ გერმანულმა ჯგუფმა ახალი, ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა შეადგინა, რომლის მიხედვითაც, ”სეატმა” პრობლემებს თავი უნდა დააღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღის წესრიგში მისი არსებობის მიზანშეწონილობის საკითხი დადგება.
გეგმა ითვალისწინებს, რომ ”სეატმა” საგრძნობლად უნდა გააფართოვოს თავისი სამოდელო გამა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავისი ავტომობილებისთვის, ესპანეთის გარდა, სხვა ქვეყნების ბაზრებიც უნდა აითვისოს.
”ეს ”სეატისთვის”, როგორც ბრენდისთვის, გადარჩენის ბოლო შანსია. სხვანაირად ამ საკითხისადმი ჩვენი მიდგომა დაუშვებელია”, - ამბობს ესპანური კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ჯეიმს მუირი, ვინც ადრე ”მაზდას” ევროპული განყოფილების შეფი იყო, ”ფოლკსვაგენმა” კი ის თავისი ესპანური ბრენდის შეფად შარშან, სექტემბერში დანიშნა.
სეატ იბისა
............................................
მუირის დანიშვნამდე, ”სეატის” მთავარი აღმასრულებელი ერიხ შმიტი იყო, რომელმაც სამი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ესპანური კომპანიის კრიზისიდან გამოყვანა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ მუირს ძალიან რთული მისია ექნება შესასრულებელი, რადგან მოსალოდნელია, რომ საბერძნეთში დაწყებული ფისკალური კრიზისი, ევროზონაში შემავალ ქვეყნებს და მათ შორის, ესპანეთსაც დააზარალებს. ესპანეთი კი ”სეატისთვის”, რომელიც ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის წევრი 1986 წლიდანაა, მთავარი ბაზარია.
მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით, ”სეატმა” 110 მილიონი ევრო იზარალა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია ვოლფსბურგელთა კიდევ ორი წამგებიანი ბრენდის - ”ბენტლისა” და ”ფოლკსვაგენის” კომერციული ავტომობილების მწარმოებელი შტოს ზარალზე. რეორგანიზაციის გარეშე, ”სეატი” სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ”ფოლკსვაგენის” დიდ მიზანს - გახდეს მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი.
”კრიზისიდან ”სეატის” გამოყვანა ძალიან ძნელი იქნება. ამ კომპანიის გაყიდვების დიდი ნაწილი სამხრეთ ევროპის ქვეყნებზე მოდის, სადაც კრიზისმა ყველაზე მეტად, პატარა ავტომობილების მწარმოებლები დააზარალა”, - ამბობს კომპანია ”M.M. ვარბურგის” ანალიტიკოსი მარკ-რენე ტონი.
გაყიდვები მცირდება
ევროპელ ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, შარშან ”სეატის” გაყიდვები 21 პროცენტით დაეცა. დაახლოებით 8.5 პროცენტით (337 000 ცალამდე) შემცირდა ორი ყველაზე გაყიდვადი მოდელის - სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”იბისას” და მინივენ ”ალამბრას” გაყიდვები.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ესპანეთის ეკონომიკა მაღალი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ 2008 წლის მეორე კვარტალიდან, მან კლება დაიწყო და ეს პროცესი, ევროკავშირთან შედარებით, ნახევარი წლით მეტხანს გაგრძელდა. სხვათა შორის, დღეისათვის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ესპანეთს უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, რომელიც 20.1 პროცენტს შეადგენს.
”სტანდარდ ენდ პუარსმა” თავის ბოლო რეიტინგში, ესპანეთის საკრედიტო რეიტინგი დასწია და ამის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ ამ ქვეყნის მთავრობა ზედმეტად ოპტიმისტურად აფასებს თავის ფისკალურ შესაძლებლობებს და ეკონომიკის ზრდის პერსპექტივას. ცნობისათვის, ახლახანს, ესპანეთის პრემიერ მინისტრმა ლუის როდრიგეს საპატერომ განაცხადა, რომ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებს ხელფასები შეუმცირდებათ, რაც ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტს ოდნავ შეამსუბუქებს.
მიზანი ”ტოიოტას” გასწრებაა
შარშან ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის გაყიდვებმა 6.3 მილიონი ავტომობილი შეადგინა. აქედან მხოლოდ 400 000-ზე ნაკლები მოდის ”სეატზე”, რომლის გაყიდვებშიც ლომის წილი (56 პროცენტი) მოდელ ”იბისაზე” მოდის. მუირი თვლის, რომ ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება და რომ, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ მოდელს, როგორიც კომპაქტური ჰეჩბეკი ”ლეონია”. და, რა თქმა უნდა, ბრენდმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ერთადერთი ძირითადი ბაზარი ესპანეთია და თავისი პროდუქცია სხვა ქვეყნების მყიდველსაც უნდა შესთავაზოს.
”ფოლკსვაგენი”, რომლის ჯგუფშიც, ”სეატის” გარდა, საკუთრივ ”ფოლკსვაგენი”, ”შკოდა” და ”აუდია” გაერთიანებული (ჯგუფის სხვა ბრენდები სუპერავტომობილებს მცირე რაოდენობით აწარმოებენ), წარმოებული ავტომობილების მოცულობით, ”ტოიოტას” გადასწრებას და მსოფლიო ლიდერობას გეგმავს. ამ გეგმის ნაწილია ის, რომ მალე ”სეატის” გაყიდვების მოცულობა უნდა გაორმაგდეს და 800 000-ს მიაღწიოს.
კომპანია ”ნომურა სეკურიტის” ანალიტიკოსი მაიკ ტინდალი ამბობს, რომ მას ვერ გაუგია ”ფოლკსვაგენის” ”სეატისადმი” დამოკიდებულება. ერთის მხრივ, ვოლფსბურგელებს სურდათ, რომ მათ ესპანურ ბრენდს სპორტული იმიჯი ჰქონოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ”სეატის” საწარმოო პროგრამის გასავითარებლად, პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა.
დახმარება ნათესავი ბრენდებისგან
თავისი ესპანური ბრენდის კრიზისიდან გამოსაყვანად, ”ფოლკსვაგენს” სხვა გეგმებიც აქვს. მაგალითად, ”სეატის” მარტორელის ქარხანა, რომელიც ქალაქ ბარსელონას მახლობლად მდებარეობს, მალე დაიწყებს ”აუდის” კომპაქტურ ქროსოვერ Q3-ის წარმოებას.
ამ საწარმოს ნომინალური სიმძლავრე, წლიურად 500 000 ცალი ავტომობილის წარმოებაა, მაგრამ დღეისათვის ის მხოლოდ 60 პროცენტითაა დატვირთული. მუირი კი ამბობს, რომ ქარხანა რენტაბელური მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ მისი შესაძლებლობების 90 პროცენტით გამოყენება მოხერხდება. ცნობისათვის, მარტორელის ქარხანაში წლიურად 80 000 ცალი Q3-ის წარმოება იგეგმება.
No comments:
Post a Comment