”ფოლკსვაგენმა” ”გოლფის” ბაზაზე ელექტრომობილი დაამზადა
VW Unveils Golf blue-e-motion Concept
9 მაისი
”ფოლკსვაგენმა” შექმნა და გერმანულ საზოგადოებას, მათ შორის ქვეყნის კანცლერ ანგელა მერკელს წარუდგინა ელექტრომობილი, რომელიც პოპულარულ ჰეჩბეკ ”გოლფის” ბაზაზეა აგებული. ელექტრომობილს სახელად ”ბლიუ-e-მოუშნი” უწოდეს.
ეს უკვე ამ სახელის მატარებელი მესამე ელექტრომობილია, რომლებიც ვოლფსბურგელებმა დაამზადეს. პირველი ორი ”ჯეტასა” და კონცეპტუალური Up-ის (მომავალი ლუპოს) ბაზაზე შეიქმნა, კიდევ ერთს კი, სახელად ”ლავიდა ბლიუ-e-მოუშნს”, მალე ჩინური საზოგადოების წინაშე წარადგენენ.
ამ სერიით ”ფოლკსვაგენი” მალე 500 ცალ ელექტრომობილს დაამზადებს, რომლებიც მთელს მსოფლიოში გაივლიან ტესტირებას. სამი წლის შემდეგ კი მისი სერიული წარმოება დაიწყება. ვოლფსბურგული გიგანტი მსოფლიო ავტოინდუსტრიის ლიდერობას აპირებს და ამ მიზნის მიღწევაში, მისი ხელმძღვანლობა ელექტრომობილებს დიდ როლს ანიჭებს.
საცდელი ელექტრომობილი 115-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს. ამ ბლოკის ძირითადი ნაწილი ავტომობილის საბარგულში განთავსდა, რის გამოც, მისი მოცულობა 237-დან 113 ლიტრამდე შემცირდა. გარდა ამისა, აკუმულატორების ნაწილი უკანა სავარძლების ქვეშ და და წინა სავარძლებს შორის არსებულ გვირაბშიც მოთავსდა.
”გოლფ ბლიუ-e-მოუშნის” მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად კი მას 11.8 წამი სჭირდება. აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ მათი სრული დამუხტვის შემდეგ, ელექტრომობილმა 150 კილომეტრი გაიაროს.
ეს კი ”ფოლკსვაგენის” განცხადებით, ქალაქის პირობებში მოძრაობისას, საკმარისზე მეტიცაა. სტატისტიკური მონაცემებით, 10 გერმანელიდან მხოლოდ 6 დადის სამსახურში საკუთარი მანქანით, მათი უმეტესობა კი დღეში მხოლოდ 20 კილომეტრს გადის.
დაბოლოს, გერმანიის მთავრობაში იმედი აქვთ, რომ 2020 წლისთვის მათი ქვეყნის გზებზე მილიონი ელექტრომობილი ივლის.
No comments:
Post a Comment