1 629 კილომეტრი ერთი სავსე ავზით
BMW 320d EfficientDynamics Completes 1,013 Mile-Long Journey
21 ივნისი
ავტომობილებზე მწერალმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ტომ ფორდმა, როგორც თვითონ ამბობს, რეკორდული ვოიაჟით გამოიჩინა თავი - ბრიტანეთიდან მიუნხენში და შემდეგ უკანა გზაზე, თითქმის ბრიტანეთამდე, ”ბეემვე 320d ეფიციენტდაინემიქსით” ისე იმგზავრა, რომ ავტომობილის ერთი სავსე ავზი იმყოფინა.თავისი დიზელისძრავიანი ”ბეემვეს” ავზი ფორდმა ლა მანშის გვირაბში შესვლის წინ აავსო, მიუნხენამდე იმგზავრა, შემდეგ კი უკან გამობრუნდა და საწვავი ლილში (საფრანგეთი) შეივსო. ავზის გავსებიდან ლილამდე, მან სულ 1 629 კილომეტრის გავლა მოახერხა.
ამ ვოიაჟის დროს, ფორდი არც კონდიციონერს იყენებდა და არც რადიოს, რათა საწვავი დაეზოგა. თუმცა, თავადვე აღნიშნა, რომ არ იყენებდა მართვის ისეთ ტექნიკას, რომელიც საწვავს დააზოგინებდა. ჟურნალისტი ყვება, რომ მიუნხენისკენ გზაზე, იყო მომენტები, როცა მონიტორი 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.7 ლიტრის ხარჯს უჩვენებდა. მთელი მოგზაურობის განმავლობაში კი, ყველაზე მეტი ხარჯი 100 კილომეტრზე 4.4 ლიტრი ჰქონდა. საბოლოო ჯამში, საბორტო კომპიუტერმა დააფიქსირა, რომ მოგზაურობის საშუალო სიჩქარე 95.4 კმ/სთ იყო, საწვავის საშუალო ხარჯი კი - 4.1 ლიტრი 100 კილომეტრზე.
”ვერ ვიტყვი, რომ ამ მანქანისგან განსაკუთრებულ ეკონომიურობას ველოდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მართალი არ ვიყავი. რა თქმა უნდა, ვცდილობდი, რომ საწვავი დამეზოგა, თუმცა ავტობანებზე მოძრაობისას, სიჩქარე აშკარად არ შეეფერებოდა ეკონომიურ მართვას. ჩემი შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საშუალო ბრიტანელ მძღოლს წელიწადის განმავლობაში, მანქანის ავზის მხოლოდ 12-ჯერ გავსებაც ეყოფა. და თუ საწვავის დაზოგვით თავს არ შეიწუხებთ, დარწმუნებული ვარ, ეს მანქანა ერთი ავსებული ავზით, 1300 კილომეტრს მაინც გაგატარებთ. შემიძლია ვთქვა, ”ბეემვე ეფიციენტდაინემიქსი” მართლა ძალიან ეკონომიური მანქანაა”, - განაცხადა ფორდმა.ცნობისათვის, სედანი ”ბეემვე 320d ეფიციენტდაინემიქსი” აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ტურბოდიზელის ძრავით, რომელიც მაქსიმალურ სიმძლავრეს (163 ცხენის ძალას) 3 500-4 200 ბრ/წთ შუალედში გამოიმუშავებს, მაქსიმალურ მაბრუნ მომენტს (360 ნიუტონმეტრს) კი - 1 750-3 000 ბრ/წთ შუალედში.
ამ ძრავის მეშვეობით, ავტომობილი 100 კმ/სთ სიჩქარეს 8.2 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 220 კმ/სთ-ია. სედანს 100 კილომეტრის გასავლელად 4.1 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 109 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.
ამ შესანიშნავი მახასიათებლების მიღწევაში, გერმანულ ავტომობილს საწვავის ხარჯის შესამცირებელი ისეთი ტექნოლოგიები ეხმარება, როგორებიცაა სტარტ-სტოპი, მუხრუჭების ენერგიის რეგენერაცია, საჭის ელექტროგამაძლიერებელი, გადაცემათა კოლოფში, ჩვეულებრივზე მეტად დაშორებული საფეხურები, დადაბლებული საკიდარი და ალუმინისგან დამზადებული აეროდინამიკური ბორბლები, რომლებიც ”მიშლენის” წარმოების, ენერგიის დამზოგავი საბურავებითაა აღჭურვილი.
No comments:
Post a Comment