”ფოლკსვაგენი” ”ლუპოს” წარმოებისთვის ემზადება
Volkswagen Lupo Previewed
20 ივნისი
”ფოლკსვაგენმა” ინტერნეტით სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”ლუპოს” ფოტოები და ტექნიკური მონაცემები გაავრცელა. ეს ავტომობილი, რომელიც კონცეპტუალურ მოდელ VW Up!-ის სახელით, ვოლფსბურგელებმა პირველად სამი წლის წინ გვაჩვენეს, ბაზარზე მერმისს გამოჩნდება და მისი საბაზო ვერსიის ფასი 8 500 ევროს ფარგლებში მოექცევა.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ”ლუპო” მცირე გაბარიტებით გამოირჩევა. მისი ორკარიანი ვერსიის სიგრძე სულ რაღაც 3.45 მეტრია. ასეთი პატარა ავტომობილების წარმოება ”ფოლკსვაგენის” სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. ჯერ ერთი, ”ლუპო” ძალიან ეკონომიური იქნება და გერმანული გიგანტის ავტომობილების საწვავის ხარჯის საშუალო მაჩვენებელსაც დაბლა დასწევს, რასაც გამონაბოლქვზე ახალი მკაცრი სტანდარტების შემოღების შემდეგ, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. მეორეც, ასეთი პატარა ავტომობილების საბაზრო სეგმენტი მთელს მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. და მესამეც, ახალი ”ლუპოს” ბაზაზე, ვოლფსბურგელები ახალი ოჯახის შექმნას გეგმავენ, რის ხარჯზეც, მათი გაყიდვები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.
”ლუპო” პატარა ავტომობილი კია, მაგრამ მისთვის ”ფოლკსვაგენმა” რამდენიმე ძრავი მოამზადა. მათგან ყველაზე პატარაა 3-ცილინდრიანი აგრეგატი, რომლის მუშა მოცულობა 1.0 ლიტრია, სიმძლავრე კი - 60 ცხენის ძალა. მეორე ძრავიც 1.0-ლიტრიანია, თუმცა მას 4 ცილინდრი აქვს და 85 ცხენის ძალას იძლევა. მესამე ძრავი კი დიზელისა იქნება. ესაა 1.2-ლიტრიანი TDI, რომლის მაქსიმალური სიძლავრეც 75 ცხენის ძალას აღწევს.
ორკარიანის გარდა, ვოლფსბურგელები ოტხკარიანი ”ლუპოს” წარმოებასაც აპირებენ, რომელიც ოდნავ გრძელი იქნება. გერმანული კომპანია იმედოვნებს, რომ წლიურად დაახლოებით 600 000 ცალი ”ლუპოს” გაყიდვას შეძლებს.
გარდა ამისა, ”ფოლკსვაგენი” ამავე ავტომობილის ბაზაზე, ელექტრომობილის წარმოებასაც გეგმავს. სავარაუდოდ, ის ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდბა. ამ ელექტრომობილის კონცეპტუალური ვერსიის ხილვა შარშან, ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე იყო შესაძლებელი. თუმცა, ვოილფსბურგში მიაჩნიათ, რომ ელექტრომობილი ”ლუპო”, თავისი მაღალი ღირებულების გამო, მაინც მხოლოდ სანიშო ავტომობილი იქნება და მისი მეშვეობით, გაყიდვების საერთო მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არაა.
No comments:
Post a Comment